Georgianenglishrussian

ენდოკრინული ქირურგია

ენდოკრინული ქირურგია

ავერსის კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის სამსახურში ხორციელდება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში არსებული უახლესი სამედიცინო სერვისის ანალოგიური მომსახურება, წარმატებით წარმოებს ყველანაირი სირთულის ოპერაცია, სამსახურის უფროსის ქირურგ - ენდოკრინოლოგის, ონკოლოგის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგის ექსპერტის, საქართველოს ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის აკადემიური დოქტორის ედიშერ სიხარულიძის და ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის გუნდის მიერ.   

ჩვენს სამსახურში დანერგილია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში არსებული თანამედროვე ოპერაციული და მცირე ინვაზიური მკურნალობის მეთოდები:

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების წვრილნემსოვანი, ასპირაციული ბიოფსია, რომელიც წარმოებს თანამედროვე ულტრასონოგრაფიული აპარატის კონტროლით პროფესიონალი სპეციალისტების მიერ.

ჩვენთან თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილი, ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ჰენინგ დრალე, რომელიც უკვე მრავალჯერ ეწვია „ავერსის კლინიკას“. და ენდოკრინული ქირურგიის სამსახურს.

კლინიკაში დაინერგა და ასევე წარმატებით ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს მსოფლიოში აღიარებული ოპერაციული ტექნიკა პროფესორ ჰენინგ დრალეს მეთოდით, რაც გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის და მისი მეტასტაზირების დროს კისრის ლიმფურ კვანძებში, კისრის წინა ზედაპირზე - ერთი „საყელოსებრი“ კოსმეტიკური განაკვეთის მეშვეობით, ფარისებრი ჯირკვლის, პარატრაქეალური და კისრის ორივე მხარეს არსებულ მიდამოებში (კომპარტმენტებში) ყველა მეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძის ამოკვეთას. ანუ თირეოიდექტომია, ერთმომენტიანი ცენტრალური და ბილატერალური (ორმხრივი) ტოტალური ლიმფოდისექცია. ოპერაცია სრულდებან ასევე კოსმეტიკური ნაკერით. ერთი ოპერაციული ჩარევით ხდება როგორც სიმსივნურად დაზიანებული ფარისებრი ჯირკვლის, ასევე ყველა დაზიანებული ლიმფური კვანძის ამოკვეთა.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში და ამიერკავკასიაში მსგავსი ტიპის ოპერაციები აქამდე არ ტარდებოდა. ბატონმა პროფესორმა აღნიშნული ოპერაციული მკურნალობის მეთოდი წარმატებით დანერგა ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკის შეერტებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი.

 ედიშერ სიხარულიძე სხვა ქირურგიულ (ინვაზიურ თუ მცირეინვაზიურ) ოპერაციებთან ერთად, დღესდღეისობით წარმატებით ატარებს ზემოთ ნახსენებ ოპერაციას: ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას, ცენტრალურ და კისრის ყველა რეგიონულ მეტასტაზურად დაზიანებულ ლიმფურ კვანძთან ერთად – ერთ მომენტად, მცირე (კოსმეტიური) განაკვეთით, ბატონ ჰენინგ დრალეს მეთოდით.

პირველად საქართველოში 2015წ. ავერსის კლინიკაში ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა იღლიის ფოსოდან, ენდოსკოპიურად – კისერზე განაკვეთის გარეშე. (ტრანსაქსიალური თიროიდექტომია),

ოპერაციები ჩაატარეს ავერსის კლინიკის ქირურგმა ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა - ედიშერ სიხარულიძემ და სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროფესორებმა  Kyu Eun Lee-მ  და Ra Yeong Song-მა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული მეთოდით თიროიდექტომია პირველად ჩატარდა საქართველოში.

აღნიშნული მეთოდით ოპერაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:

-   განაკვეთის არ არსებობა კისრის არეში

-   ნერვის ინტრაოპერაციული მონიტორინგი რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ხორხის შებრუნებული ნერვისა და ხორხის ზედა ნერვის გარეთა ტოტის დაზიანებას  და შესაბამისად მინიმუმამდე ამცირებს ზემოთ აღნიშნული ნერვების დაზიანებით გამოწვეულ კლინიკურ გამოვლინებებს: ხმის, მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციის მოშლას ან სრული დაკარგვას. 

 აღნიშნული მეთოდი არაერთი წელია აქტიურად არის დანერგილი ავერსის კლინიკაში და რეგულარულად ტარდება.

კლინიკაში ასევე წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი სირთულის მკერდუკანა,  კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვის მქონე პაციენტებთან ყველა თანამედროვე მეთოდის გამოყენებით ოპერაციული მკურნალობა.

კლინიკაში ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული მკურნალობა მიმდინარეობს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის ფონზე, რაც გულისხმობს სპეციალური აპარატის მეშვეობით (Medtronic 3.0) ოპერაციის მსვლელობისას ხორხის შებრუნებული და ცთომილი ნერვის კონტროლს, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ დაზიანებას. ანალოგიური პრაქტიკა დანერგილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მოწოდებულია თანამედროვე გაიდლაინებით.

ენდოკრინული ქირურგიის სამსახურში დანერგილია და ხორციელდება ოპერაციული მკურნალობა პარათიროიდულ (ფარისებრახლო) ჯირკვლებზე, როდესაც პაციენტს აქვს პირველადი ან მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი, რაც გულისხმობს ხსენებული ჯირკვლების ფუნქციურად გადაგვარებას, ორგანიზმში მნიშვნელოვანი ძვრებით. დაზიანება მოიცავს ძვლოვან, ნერვულ, საშარდე და კუჭ-ნაწლავის სისტემას. კერძოდ: ხდება ძვლების გამოფიტვა (ოსტეოპოროზი), ძვლების ხშირი მოტეხილობა, თირკმელში და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა, ნეფროკალცინოზი, კუჭის წყლულოვანი დაავადების და პანკრეატიტის პროვოცირება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის და პროგრამულ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები როგორც ცალკე კატეგორია, სადაც ჰიპერპარათირეოზი მიმდინარეობს გამორჩეულად აგრესიულად და იწვევს ისეთ მძიმე დაზიანებებს, ნეფროკალცინოზი, ოსტეოპოროზი, ძვლების მოტეხილობა, ტკივილი მოძრაობისას, სიარულის გაძნელება და ხანდახან უმოძრაობაც კი.

ოპერაცია მდგომარეობს გადაგვარებული პარათიროიდული ჯირკვლების ამოკვეთაში, რის შემდეგაც სულ რამოდენიმე საათში პაციენტი გრძნობს საგრძნობ შვებას. ტკივილი პრაქტიკულად ქრება და იწყება ორგანიზმში არსებული დარღვევების ალაგება.

კლინიკის ენდოკრინული სამსახურის მიერ ასევე წარმატებით ხორციელდება ოპერაციული ჩარევა მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი), კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების დროს, უკანასკნელის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ოპერაცია ენდოსკოპიურადაც.

ენდოკრინული ქირურგიის სამსახურში ასევე ხორციელდება კვანძოვანი ჩიყვის უსისხლო, მცირეინვაზიური მკურნალობა. აღნიშნული გულისხმობს ოპერაციული ჩარევის გარეშე, ფარისებრი ჯირკვლის კვანძის დაშლას სკლეროდესტრუქციით ან ლაზერის გამოსხივებით, რომელიც კვანძამდე წვრილი ნემსის გავლით მიიტანება. მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ კვანძი ან მთლიანად ქრება, ან ფერხდება მისი შემდგომი ზრდა. მისი გამოყენების 15-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დადებითი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შემთხვევათა 90%-ში. 

 

      

ექიმები


სიხარულიძე ედიშერი
სიხარულიძე ედიშერი
ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი

თემები