Georgianenglishrussian

ვარიკოზული ვენები - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

2021.08.27

ვარიკოზული ვენები - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების  გაგანიერება. დაავადების განვითარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა, ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურებში.

პათოლოგია ზოგ შემთხვევაში პაციენტს ვიზუალურ დისკომფორტს (მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის ვენები) უქმნის,  ზოგჯერ კი ახლავს- ტკივილი, ქვემო კიდურების  შეშუპება, წვის შეგრძნება, ქავილი  ან სხვა.

დაავადების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ ძირითადი მიზეზები დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე. ვენების ვარიკოზული გაგანიერების  მიზეზებია:

  • ჭარბი წონა
  • ქვემო კიდურების ხანგრძლივი დატვირთვა
  • დიდ ხნის მანძილზე ფეხზე დგომა ან ჯდომა
  • ვენის თანდაყოლილი ან შეძენილი სარქვლების უკმარისობა ე.წ. ვენური უკმარისობა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ვიწრო და მოჭერილი ტანსაცმელი
  • ხანგრძლივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოხმარება
  • ქვემო კიდურებზე გადატანილი ტრავმები და ოპერაციები

ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ნელა და თანდათანობით. არის პროგრესირებადი, რაც იწვევს კანქვეშა ვენების ზომისა და ფორმის ცვლილებას. პათოლოგიის სიმპტომებია:

  • სიმძიმისა და წვის შეგრძნება, რომელიც  დღის  ბოლოს  უფრო  მეტად  გამოიხატება.
  • ქვემო კიდურების ადვილად დაღლა
  • შეშუპება ტერფების  და  კოჭწ- წვივის არეში, რომელიც ძლიერდება დღის ბოლოსკენ.
  • კუნთების უნებლიე  კრუნჩხვა
  • ქავილი 
  • მოუსვენარი  ფეხების შეგრძნება.
  • ვიზუალურად გამოხატული სისხლძარღვები

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენისას, საჭიროა ექიმ-ანგიოლოგთან ვიზიტი, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა ტროფიკული წყლულები, კანის საფარველის ინდურაცია, თრომბოზი ან სხვა.

“ავერსის კლინიკის” ექიმი-ანგიოლოგი, ეკატერინე ალადაშვილი, განგვიმარტავს, რომ აღნიშნული დაავადების დიაგნოსტირება  ხდება დუპლექს სკანირებით, ხოლო მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთ მათგანია სკლეროთერაპია - ვარიკოზულად გადაგვარებული კანქვეშა ვენებისა და ზედაპირული ტელანგიექტაზიების არაოპერაციული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ვენის სანათურში სკლეროზანტის შეყვანას სითხის ან ქაფის სახით.

თანამედროვე სკლეროზანტები უსაფრთოა და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) მოქმედება ახასიათებს, ამიტომ მკურნალობის დროს დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები არ შეინიშნება.

სკლეროთერაპიის და მისი სახეობის საჭიროებას განსაზღვრავს ანგიოლოგი დაავადების სირთულის მიხედვით. რაც შეეხება შედეგს, პაციენტების სრული უმრავლესობის მდგომარეობა უმჯობესდება როგორც ესთეტიკურად, ისე ფუნქციურად.

რეკომენდაციები ვარიკოზული ვენების პრევენციისთვის

  • მოერიდეთ ხანგრძლივად ჯდომასა და ფეხი - ფეხზე გადადებას, პერიოდულად ადექით და გაიარეთ
  • მოერიდეთ ცხელი შხაპის, აბაზანის მიღებას, მით უფრო ზაფხულში
  • ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
  • გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები და ფიზიკური აქტივობები

თემები