Georgianenglishrussian

ADHD - იგივე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

2021.07.15

ADHD - იგივე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, იგივე ADHD, გავრცელებული მენტალური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით და ხასიათდება კომპლექსური სიმპტომებით:

  • ყურადღების დეფიციტი, გონებაგაფანტულობა
  • იმპულსურობა
  • პიჰერაქტივობა (გადაჭარბებული მოუსვენრობა)

სინდრომი თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში და სკოლაში ყოფნის დაწყებით საფეხურებზე. სიმპტომები ვლინდება რამდენიმე, მინიმუმ ორ გარემოში, მაგალითად სკოლა და სახლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ADHD სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს ჩვილებშიც მარტივად აღგზნებადობით სხვადასხვა სტიმულატორზე(მკვეთრს სინათლეზე, ხმაურზე, ტემპერატურაზე.)

ვაჟებში უფრო ხშირია ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმა, ხოლო გოგონებში უყურადღებობითი ფორმა. ტვინის აქტივობის დონე ჰიპერაქტიურ ბავშვებში გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებში. აღნიშნული სინდრომს უკავშირდება სხვა პრობლემებიც:

  • ჩამორჩენა აკადემიურ საქმიანობაში
  • ქცევითი პრობლემები
  • აგრესიულობა
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში
  • დაბალი თვითშეფასების არსებობა
  • ნეგატიური დამოკიდებულება უფროსებთან, ძირითადად მშობლებსა და მასწავლებლებთან

ყურადღების დეფიციტი ვლინდება თანატოლებთან შედარებით გონება გაფანტულობასა და კონცენტრაციის უნარების სიმწირეში, ყურადღების ფოკუსირების დარღვევასა და სელექციური ყურადღების, აღქმის შეზღუდულ უნარებში. ასეთ დროს ბავშვს მარტივად გადააქვს ყურადღება ერთი აქტივობიდან მეორეზე, არ შეუძლიათ თავიანთი რეაქციის გაკონტროლება ისეთ დროს, როცა საჭიროა კონცენტრაციის და ორგანიზებულობის მობილიზება.

ჰიპერაქტივობავლინდება ჭარბ მოტორულ აქტივობაში. აქტიურობის ზრდა ნაკლებად შესამჩნევია თავისუფალი თამაშის დროს, მაგრამ აშკარა ხდება წესებით შეზღუდული თამაშებისა და აქტივობების დროს.  

სინდრომს ასაკის მატებასთან ერთად ეცვლება სიმპტომები. თუ სკოლამდელ ასაკში შეინიშნება იმპულსურობა, მოუსვენრობა და თანატოლების მიმართ აგრესიულობა, სკოლის ასაკში უკვე სოციალური და  აკადემიური პრობლემები იჩენს თავს. ADHD დროს შესაძლოა თანმდევი დარღვევების არსებობაც, როგორებიცაა განწყობის დაქვეითება, შფოთვა, ტიკები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ანტისოციალური ქცევები.

სირთულის მიხედვით ADHD სინდრომს აქვს სამი სტადია:

  • სუსტი - სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული
  • საშუალო - სიმპტომები საშუალო სიმძიმით არის გამოხატული
  • მძიმე - ერთდროულად ვლინდება რამდენიმე სიმპტომით, შესამჩნევია თანატოლებთან შედარებით ჩამორჩენა როგორც მათთან ურთიერთობისას, ისე აქტივობებისას

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზებია

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
  • ორსულობის დროს მომწამვლელი ნივთიერების მიღება, არაჯანსაღი კვება,  ნაადრევი მშობიარობა
  • სტრესი, ფსიქიკური და ემოციური ფუნქციის მოშლა

დიაგნოსტირება ხდება კლინიკურ ნიშნებზე დაკვირვებით, აუცილებელია ბავშვის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა და სპეციალიზირებული დახმარება.

თემები