Georgianenglishrussian

დიაბეტური რეტინოპათია

2021.07.07

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათია მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.  სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის უჯრედებისა და  სისხლძარღვების დაზიანებას. დაზიანებული სისხლძარღვები კი იწყებს შეშუპებას, სისხლის მოძრაობა ფერხდება და ზიანდება ბადურა.

დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკის ქვეშ არის დიაბეტით დაავადებული ყველა ადამიანი და პათოლოგიის არსებობის ალბათობა იზრდება შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის ხანგრძლივობასთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დიაბეტური რეტინოპათიით დაავადებულია 93,000,000 ადამიანი.

დიაბეტური რეტინოპათია გვხვდება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს-77,3%-ში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს კი 25,1%-ში.  

არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ფორმა :

არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია - ხშირად გვხვდება დაავადების საწყის ეტაპზე. ამ დროს იწყება წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონვადობა, რაც კლინიკურად ბადურის ცენტრალური ზონის, მაკულის შეშუპებით გამოვლინდება,  ეს კი თავის მხრივ იწვევს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას.

ბადურის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება იწვევს მის გაღარიბებას ჟანგბადით, ეს პროცესი კი იშემიის სახელითაა ცნობილი.

პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია - დაავადების ამ ფაზაში ხდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნა, რომელიც ადვილად ზიანდება და თვალის შიგნით სისხლჩაქცევის მიზეზი ხდება. დროთა განმავლობაში ბადურის ზედაპირზე  ჩნდება პათოლოგიური ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ბადურას და ახდენს მექანიკურ ზემოქმედებას მასზე. შედეგად ვითარდება ბადურის აშრევება, რაც მკვეთრად აქვეითებს მხედველობას და შესაძლოა სიბრმავის მიზეზი გახდეს.

დიაბეტური რეტინოპათია ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ და პაციენტთა უმრავლესობას ჩივილები უჩნდება დაავადების შორს წასულ სტადიაზე:

  • მხედველობის მკვეთრი დაქვეითება
  • მხედველობის არეში შავი ან ნაცრისფერი ლაქების, აბლაბუდას ან  ჭიმების გაჩენა
  • დაბინდული მხედველობა
  • მხედველობის ველის დეფექტები
  • ფერადი მხედველობის დარღვევა/დაქვეითება

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაბეტური რეტინოპათია უსიმპტომოდ იწყება, მაგრამ ოფთალმოლოგიური კვლევის დროს დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა შესაძლებელია.  დიაბეტური რეტინიპათიის დიაგნოსტირება ხდება:

  • მხედველობის სიმახვილის განსაზღვრით (ვიზომეტრია)
  • თვალის ფსკერის გამოკვლევით (ოფთალმოსკოპია )
  • ოპტიკო კოჰერენტული ტომოგრაფიით (OCT)
  • ფლუორესცენტული ანგიოგრაფია
  • თვალის ექოსკოპიით  (B scan)

მკურნალობა დამოკიდებულია დიაგნოზსა და სიმწვავეზე. თავდაპირველად შესაძლებელია ოფთალმოლოგმა აწარმოოს დაავადების პროგრესირებაზე დაკვირვება, შაქრის დონისა და არტერიული წნევის კონტროლი. პათოლოგიის შორსწასული ფორმის დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა - ვიტრექტომია. დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება შემდეგი მეთოდები :

  • პანტერინალური ფოტოკოაგულაცია (ლაზერული კოაგულაცია)
  • ანტი-VEGF პრეპარატის ინტრავიტრეალური ინექცია
  • გლუკოკოტრიკოიდების ინტრავიტრეალური ინექცია
  • ვიტრექტომია

გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების სკრინინგი რეგულარულად, რათა მოხდეს დროული და ეფექტური მკურნალობა.

თემები