Georgianenglishrussian

ბრონქიტი და მისი ფორმები

2021.06.21

ბრონქიტი და მისი ფორმები

ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. არსებობს ბრონქიტის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული. დაავადების გავრცელებული სიმპტომებია მშრალი ან სველი ხველა და სხეულის ტემპერატურის მომატება. ბრონქიტის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ „ავერსის კლინიკის“ თერაპევტი, ნათია სვანიძე გვიამბობს.

ბრონქები, ეს არის ჰაერის გზა ფილტვებამდე. ანთების დროს მათი შიგნითა ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ლორწოს,  ანთებით სითხეს და ასე წარმოიქმნება ნახველი, თუმცა თუ ხველა ძლიერი და სპაზმურია, ხოლო  ნახველი შესქელებული - ნახველი ამოსვლას ვერ ახერხებს. თუ ხველა ძლიერია იძაბება გულმკერდის კუნთები და ხველას ახლავს გულმკერდში დისკომფორტი, ტკივილი.

ბრონქიტის ძირითადი სიმპტომებია:

  • ხველა
  • ნახველი (ზოგჯერ ნახველის გარეშეც)
  • სისუსტე, დაღლილობა
  • სხეულის ტემპერატურის მომატება
  • სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი (მსტვინავი, მოგუგუნე) სუნთქვა
  • ზოგჯერ ცხვირის გაჭედვა, გამონადენი

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები:

  • ტემპერატურის მომატება 38°C და მეტი
  • მკვეთრად გამოხატული სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი გულმკერდში
  • ნახველი უხვი, მომწვანო, მოყვითალო ან სისხლის მინარევით

მწვავეა ბრონქიტი თუ სიმპტომების გამოვლენიდან დაავადების ხანგრძლივობა არ აღემატება რამდენიმე კვირას ან თვეს, ხოლო თუ უფრო მეტ ხანს გასტანს (თვეობით, წლობით) სიმპტომები პაციენტს ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზს უსვამენ.

მწვავე ბრონქიტი ვითარდება სწრაფად, მისი გამომწვევი, როგორც წესი, არის სხვადასხვა სასუნთქი გზების ვირუსი, იშვიათად ბაქტერიებიც. შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს ჰაერში არსებულმა უწვრილესმა მავნე ნივთიერებებმა და მათმა შესუნთქვამ,  როგორებიცაა საყოფაცხოვრებო და მცენარის მტვერი,  მანქანის და სხვადასხვა დანადგარის გამონაბოლქვი,  თამბაქოს კვამლი და სხვა.

ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული პაციენტის ჩივილები ხანგრძლივია, შეიძლება გასტანოს წლობითაც. ქრონიკული ფორმის დროს ბრონქიოლების (წვრილი ბრონქების) კედლის სისქეში მუდმივად მიმდინარეობს გაღიზიანება და ანთება, გამოიყოფა ლორწო. ის ამცირებს სასუნთქი გზების სანათურს და ძნელდება  ჰაერის მოძრაობაც. ამას ახლავს სუნთქვისას სხვადასხვა ხმის (სტვენა, გუგუნი) აღმოცენება.

ქრონიკული ბრონქიტის მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. შესუნთქული თამბაქოს კვამლში არსებული ათეულობით სხვადასხვა მავნებელი მინარევი აღიზიანებს სასუნთქ გზებს.

ქრონიკული ბრონქიტის განვითარების რიკს-ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ:

  • გადატანილი სასუნთქი გზების (მრავლობითი) ინფექციები
  • თამბაქოს მწეველის სტატუსი
  • მაღალი მგრძნობელობა მტვერზე, ალერგენებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე
  • არიან ბრონქული ასთმით დაავადებულები
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება  (ფქოდ) და სხვ.

მკურნალობა და დიაგნოსტიკა

ბრონქიტის დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის ჩივილების გათვალისწინებით. ექიმთან მიმართვისას პირველ რიგში, ხდება ფილტვების მოსმენა, ინიშნება კვლევები: ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, ანთებითი მარკერების კონტროლი (CRP). საჭიროების შემთხვევაში გულ-მკერდის რენტგენი და სპირომეტრიაც ასთმისა და პნევმონიის გამოსარიცხად.

მკურნალობის პირველი ნაბიჯები გულისხმობს გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილებას. პაციენტმა თავი უნდა დაანებოს თამბაქოს მოწევას, რადგან მოწევა აქვეითებს სასუნთქი გზების  გამომწვევებისგან თავდაცვის უნარს.

ბრონქიტისას ბრონქები, ჩვეულებრივ, თავისით იწმინდება, რასაც სჭირდება დაახლოებით 7-10 დღე, ზოგჯერ გრძელდება რამდენიმე კვირაც. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ტკივილგამაყუჩებლები ამსუბუქებს თქვენს სიმპტომებს, რადგან მათ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნიათ.

როგორ ვუმკურნალოთ ბრონქიტს?

  • თავიდან მაქსიმალურად აირიდეთ გამაღიზიანებელი ფაქტორები (თამბაქო, მტვერი) და რაც შეიძლება ხანგრძლივი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე
  • მიიღეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით კი ცხელი სითხეები(ჩაი, ხილის კომფოტი)
  • ძლიერი, მშრალი და შეტევითი ხველისას ხველის დამთრგუნველი მედიკამენტებია ეფექტური, ხოლო ნახველის გაძნელებული გამოყოფისას, ამოსახველებელი საშუალებები
  • ბრონქიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს თანმხლები დაავადებების არსებობას (ბრონქული ასთმა, გულის დაავადებები, წნევის დამწევი წამლების მიღება). ზოგჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის თანმხლები დაავადებების მკურნალობის გაძლიერება ან წამლების შეცვლაა საჭირო
  • თუ ექიმთან ვიზიტისას დადგინდა ბაქტერიული ინფექციის არსებობა, ინიშნება ანტიბიოტიკი (არავითარ შემთხვევაში თვითნებურად)

გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელების საწინდარია. ქრონიკული ბრონქიტისასა მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი დიდხანს შენარჩუნება თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული.

თემები