Georgianenglishrussian

დეპრესია - მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა

2021.06.11

დეპრესია - მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა

დეპრესია ფსიქიკურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია. იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვლინდება. დეპრესიისთვის დამახასიათებელია გუნება-განწყობის ცვლილება, თვითშეფასების დაქვეითება, სხვადასხვა აქტივობისადმი ინტერესის გაქრობა, სიამოვნების განცდის დაკარგვა. დეპრესია ზოგჯერ საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან შორსწასული სტადიის დროს, შესაძლოა ადამიანმა თვითმკვლელობაც კი სცადოს.

დეპრესიის ორი ტიპი არსებობს - ეგზოგენური და ენდოგენური: 

  • ეგზოგენურ დეპრესია იწვევს გარეგანი ფაქტორები, კერძოდ, მუდმივი სტრესული გარემო მოქმედებს ადამიანზე და იწვევს დეპრესიას.
  • ენდოგენური დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე.

დეპრესიის სიმპტომები

დეპრესია სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები სევდიან განწყობას დეპრესიასთან აიგივებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის დიაგნოსტიკისთვის. გუნება-განწყობილების ცვალებადობა ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობია, თუმცა დეპრესია ის მდგომარეობაა, როცა დეპრესიული სიმპტომები ყოველდღიურია და იგი მინიმუმ 2 კვირის მანძილზე მაინც ვლინდება, ამასთან პაციენტს აღენიშნება ქვემოთ მოხსენებული სიმპტომებიდან მინიმუმ 4 სიმპტომი:

  • გუნება- განწყობის მკვეთრი გაუარესება, დაქვეითება
  • მადისა და წონის ცვლილება
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, მოტივაციის ნაკლებობა
  • ხშირი გაღიზიანება და შფოთვა
  • თვითდადანაშაულების განცდა და თვითგვემა
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის გაძნელება
  • გადაწყვეტილებების მიღების გართულება
  • სუიციდისკენ მიდრეკილება, ფიქრები ან მცდელობა

დეპრესიის დროს ადამიანის სოციალური, სამსახურეობრივი და სხვა სახის აქტივობები დარღვეულია, გაუარესებულია ცხოვრების ხარისხი. დეპრესიის საწყის სტადიაზე ადამიანის ფუნქციები ნორმალურია, მაგრამ მას მეტი ძალისხმევა სჭირდება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად.

დეპრესიის მაპროვოცირებელი ფაქტორები სხვადასხვაგვარია, ის შეიძლება გამოწვეული იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვით, საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების სტილის, გარემო-პირობების შეცვლით, სამსახურის დაკარგვით/ცვლილებით, პენსიაზე გასვლით.

არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, რაც გვხვდება ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ. ეს ხდება ენდოკრინულ სისტემაში ცვლილებების გამო.

დეპრესია ხშირად სეზონურია, უფრო ადვილად აღმოცენდება ზამთარში და იშვიათია ზაფხულში. ამის მიზეზია მზის სხივების ნაკლებობა და კლიმატური ცვლილება.

გასათვალისწინებელია, ისიც რომ დეპრესიის სიმპტომები თან სდევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:

მკურნალობა და თერაპია

დეპრესიის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტური და თერაპიული კურსი.  

დეპრესიის მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია ფსიქოთერაპიული დახმარება

საშუალო და მძიმე ფორმის დროს ერთდროულად გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია. მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება ხანგრძლივად, რამდენიმე თვის მანძილზე. ამ ჯგუფის წამლებით მკურნალობის თვითნებურად დაწყება, მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა ან დოზის ცვლილება ექიმის გარეშე დაუშვებელია. საინტერესოა, რომ დეპრესიის დროს თავის ტვინში დარღვეულია ნეირომედიატორების ბალანსი. ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი სწორედ ამ დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება, რის შედეგადაც გუნება-განწყობილება უმჯობესდება და მაღლდება ცხოვრების ხარისხი.

თემები