Georgianenglishrussian

ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია "ავერსის კლინიკაში"

2021.05.13

ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია "ავერსის კლინიკაში"

12 მაისს, „ავერსის კლინიკის“ განახლებულ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც სხვადასხვა განყოფილების ექთანმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანი იყო ექთნებისთვის პროფესიული დღის მილოცვა, მათ მიერ გაწეული დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობის გადახდა.

ექთნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვეს კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ და კლინიკურმა დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა სამედიცინო სფეროში ექთნის როლის მნიშვნელობაზე და მიულოცა მათ პროფესიული დღე.

კლინიკის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი იმერლიშვილმა და  სტაციონარული განყოფილების უფროსმა მედდამ, სოფო მახარაშვილმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნეს ექთნის საქმიანობა, ფუნქცია და აღნიშნეს, რომ ექთნის ერთგულება და ზრუნვა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პაციენტის კმაყოფილებას.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა განყოფილების ათმა ექთანმა წარადგინა თემატური მოხსენება, რომელთაგან ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები:

  • მაია ჯამბაზიშვილი, თემით „საოპერაციო ექთნის ერთი დღე“
  • ნინო გერსამია, თემით „1001 ღამე“, რომელიც მუცლად მყოფი ბავშვის განვითარების ეტაპებს ეხებოდა
  • თამარ ქიბროწაშვილი, თემით „გულის რიტმის დარღვევები გადაუდებელ კარდიოლოგიაში“

გამარჯვებულ ექთნებს ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ექთანი დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით.

თემები