Georgianenglishrussian

ღვიძლის ანატომიური რეზექცია ლაპაროსკოპიული მიდგომით - მორიგი უნიკალური ოპერაცია „ავერსის კლინიკაში“

2020.12.21

ღვიძლის ანატომიური რეზექცია ლაპაროსკოპიული მიდგომით - მორიგი უნიკალური ოპერაცია „ავერსის კლინიკაში“

საქართველოში პირველად, ქართველი ქირურგებისგან შემდგარმა გუნდმა ანზორ კვაშილავას ხელმძღვანელობით, ღვიძლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტთან ჩაატარა ღვიძლის ანატომიური რეზექციის ოპერაცია ლაპაროსკოპიული მიდგომით ICG კონტრასტირების გამოყენებით.

ღვიძლის კიბოს მკურნალობის ძირითად მეთოდად სწორედ ქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა, ხოლო მკურნალობის სხვა მეთოდები გამოიყენება მაშინ, როდესაც დაგვიანებულია დაავადების ოპერაციული მკურნალობა.

ღვიძლზე ქირურგიული ჩარევა ხორციელდება როგორც ღია წესით, ასევე ლაპაროსკოპიულად. არსებობს ღვიძლის ანატომიური და არაანატომიური რეზექციები. ღვიძლის ანატომიური რეზექცია, რომელიც „ავერსის კლინიკაში“ განხორციელდა, არაანატომიურთან შედარებით გაცილებით ნაკლებტრავმული და დამზოგველი ოპერაციაა. იგი იძლევა უკეთეს შედეგს როგორც უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში.

იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ ანატომიური რეზექციის უპირატესობა არაანატომიურთან შედარებით, საჭიროა მარტივ ენაზე ავხსნათ ღვიძლის ანატომია. ღვიძლი შედგება 8 სეგმენტისგან და თითოეულს გააჩნია საკუთარი მკვებავი სისხლძარღვი და ნაღვლის სადინარი. ღვიძლის ანატომიური რეზექციის დროს, ხდება იმ კონკრეტული სეგმენტის განსაზღვრა, რომელიც არის დაზიანებული. ოპერაციის მსვლელობისას ხდება დაზიანებული სეგმენტის მკვებავი სისხლძარღვის იდენტიფიცირება და გადაკვანძვა, რის შემდეგაც სისხლმომარაგების გარეშე დარჩენილი ღვიძლის სეგმენტი იცვლის ფერს, ხდება უფრო გამოკვეთილი ჯანმრთელ ღვიძლთან შედარებით და იძლევა საშუალებას, დავადგინოთ ამოსაკვეთი ნაწილის ზუსტი ანატომიური საზღვრები. „ავერსის კლინიკაში“ ამოსაკვეთი სეგმენტის საზღვრების კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოსაკვეთად გამოიყენება ICG კონტრასტირების მეთოდი, რომლის დროსაც ორგანიზმში ხდება სპეციალური საკონტრასტო სითხის შეყვანა და ორგანო იღებს დროებით მწვანე შეფერილობას, ხოლო ამოსაკვეთი ნაწილი რჩება მუქი ფერის. გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლის ამოსაკვეთი ნაწილის მკვებავი სისხლძარღვი იდენტიფიცირებული და გადაკვანძულია, ოპერაციის მსვლელობისას სისხლდანაკარგი პრაქტიკულად არ არის.

რაც შეეხება არაანატომიურ რეზექციას, ამ ტიპის ოპერაციის დროს, ვერ ხდება ზუსტი ანატომიური საზღვრების განსაზღვრა, არ ხდება მკვებავი სისხლძარღვების გადაკეტვა, რის გამოც ოპერაციის დროს მეტია სისხლის დანაკარგი. ამის გამო ოპერაციის ეფექტურობა იკლებს და შესაძლოა ადგილი ქონდეს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.

ლაპაროსკოპიული მიდგომით ჩატარებული ღვიძლის ანატომიური რეზექციის უპირატესობებია:

  • ოპერაციის მსვლელობისას ნაკლები სისხლდანაკარგი და შესაბამისად ნაკლები გართულება
  • ოპერაციის შემდგომ ნაკლები ტკივილი, რომელიც ადვილად იხსნება მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლით
  • ადრეული გააქტიურება და რეაბილიტაცია, რაც ამცირებს თრომბოემბოლიის რისკს
  • კლინიკაში დაყოვნების მცირე ხანგრძლივობა
  • უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი

ლაპაროსკოპიული მიდგომით ღვიძლის ანატომიური რეზექციის ჩატარებისთვის აუცილებელია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქირურგთა გუნდი და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სწორედ ამიტომ არის, რომ მსგავსი ოპერაცია ქვეყანაში პირველად სწორედ „ავერსის კლინიკაში“ განხორციელდა ქირურგ ანზორ კვაშილავას მიერ, რომელმაც ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებისას ქირურგიულ ჩარევებთან დაკავშირებული გამოცდილება ბერლინის, ჰონკონგისა და სეულის წამყვან კლინიკებში აიმაღლა. 2019 წლიდან ანზორ კვაშილავა „ავერსის კლინიკას“ დაუბრუნდა, რათა ქართველ პაციენტებს ქონდეთ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც ამ შემთხვევაში ურთულეს ქირურგიულ ჩარევებს მოიცავს.

პაციენტთა საყურადღებოდ, ღვიძლის ლაპაროსკოპიული ანატომიური რეზექციის ჩვენებებია:

  • ღვიძლის პირველადი კიბო(ჰეპატოცელულური კარცინომა)
  • სანაღვლე გზების კიბო(ქოლანგიოკარცინომა)
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი ზომაში მზარდი სიმსივნეები
  • ღვიძლის ექინოკოკური დაავადება
  • ღვიძლის სხვადასხვა სახის მეტასტაზური დაზიანებები

თემები