Georgianenglishrussian

კუჭში ბოტოქსის ინექცია, როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ახალი მეთოდი

2020.07.02

კუჭში ბოტოქსის ინექცია, როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ახალი მეთოდი

„ავერსის კლინიკაში“ დაინერგა ჭარბ წონასთან ბრძოლის ახალი მეთოდი, კუჭში ბოტოქსის ინექცია, რომელიც ფართო მასებში ცნობილია როგორც „კუჭის ბოტოქსი“.

მანიპულაცია ტარდება ენდოსკოპიურად, რა დროსაც ხდება ბოტულინის ტოქსინის(ბოტოქსი) ინექცია კუჭის კუნთოვან შრეში. კუნთოვანი შრე იწყებს მოდუნებას, კუჭს სჭირდება მეტი დრო საჭმლის გადასამუშავებლად და პაციენტს უფრო დიდ ხანს რჩება სიმაძღრის შეგრძნება, შესაბამისად უქვეითდება მადა და იღებს ნაკლებ საკვებს.

როგორ ტარდება მანიპულაცია?

კუჭის კუნთოვან შრეში ბოტოქსის შეყვანა ხდება ენოდსკოპიური გზით, ვენური ანესთეზიის ფონზე. პროცედურა მიმდინარეობს 15-20 წუთის განმავლობაში. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ეწერება ბინაზე.

ვისთვის არის მიზანშეწონილი „კუჭის ბოტოქსი“?

მანიპულაცია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს დიეტის დაცვა, ჭირდება ახალი მოტივაცია წონის დასაკლებად. აგრეთვე იმ ხალხითვის, ვისაც აქვს მორბიდული სიმსუქნე, თუმცა ქირურგიულ ჩარევას ურჩევნია მარტივი მანიპულაცია ჩაიტაროს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების შემთხვევაში, აუცილებელია ამ დაავადებებისგან განკურნება და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი მანიპულაციის ჩატარება.

რამდენი ხანი გრძელდება „კუჭის ბოტოქსის“ ეფექტი?

კლინიკური ეფექტი ვლინდება პროცედურიდან 24-72 საათში და გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სპეციალისტის მიერ უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე დაავადება. ასეთის არარსებობისა დასათანადო ჩვენების შემთხვევაში, შესაძლებელია კუჭში ბოტოქსის განმეორებითი ინექცია. ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს სამჯერ 6-თვიანი ინტერვალებით.

რა უპირატესობები აქვს კუჭის ბოტოქსს?

მანიპულაციის მთავარი უპირატესობა მისი ნაკლებ-ტრავმულობაა. ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით, პაციენტი იმავე დღესვე ეწერება ბინაზე და უმოკლეს ვადაში უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობებს. პროცედურის შემდეგ არ რჩება ჭრილობა, ნაკერები და ნაწიბურები. გამოჯანმრთელების პროცესი არის გაცილებით მარტივი და კომფორტული, ვიდრე წონაში კლების სხვა პროცედურების შემთხვევაში.

რა გართულება შეიძლება მოყვეს კუჭის ბოტოქსს?

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ჭარბი წონის მკურნალობის პროცესში, მას არ ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მსოფლიო მასშტაბით დღემდე არ დაფიქსირებულა კუჭში ბოტოქსის ინექციის შემდგომი რაიმე სერიოზული გართულება, ვინაიდან ეს პროცედურა ტარდება ენდოსკოპიურად.

„კუჭის ბოტოქსის“ შემდგომი დიეტა

მანიპულაციის შემდგომ სწორ დიეტას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. პაციენტებს, ვინც გაიკეთებს კუჭში ბოტოქსის ინექციას, აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ მანიპულაცია განკუთვნილია დიეტის დაცვისთვის ხელის შეწყობის მიზნით. მანიპულაციის შემდეგ, „ავერსის კლინიკის“ ნუტრიციოლოგთან ერთად თითოეულ პაციენტთან იგეგმება ინდივიდუალური დიეტის გეგმა, რომელიც მორგებულია პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების რეჟიმთან.

თემები