Georgianenglishrussian

კარდიოლოგიური სიმპტომები: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

2020.04.24

კარდიოლოგიური სიმპტომები: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განიხილებიან ავადობისა და სიკვდილობის ყველაზე ხშირ მიზეზად მსოფლიოში. ამ დაავადებებისთვის დამახასიათებელი ნიშნების დროული გამოცნობა გვეხმარება დიაგნოზის  სწორად წარმართვასა და მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრაში, რაც, შესაბამისად, აისახება დაავადების გამოსავალზე. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება კარდიოლოგიური პრობლემის დროს, ავერსის კლინიკის ექიმი-კარდილოგი ქეთევან ლარცულიანი გვიამბობს. 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომთა ჩამონათვალში  ყველაზე ხშირად გვხვდება ტკივილი გულმკერდის მიდამოში. გულის მკვებავი (გვირგვინოვანი) სისხლძარღვების დაავადების შემთხვევაში ტიპური ტკივილი ვითარდება მკერდის ძვალთან, რომელიც, ზოგჯერ, გადაეცემა მარცხენა ხელში, კისრის მიდამოსა ან ქვედა ყბაში. შემთხვევათა გარკვეულ ნაწილში ტიპური ლოკალიზაციის ტკივილი არ არის წარმოდგენილი, რაც ართულებს  პრობლემის სწრაფად ამოცნობას. ტკივილი გულმკერდის ნაცვლად შეიძლება აღინიშნოს მუცლის მიდამოში,  მის ნაცვლად შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ადვილად დაღლა, ცივი ოფლი, გონების კარგვა. ატიპური მიმდინარეობა უფრო ხშირია ქალებში, ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში. გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს მთავარი სისხლძარღვის - აორტის დაზიანებით.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევით, რაზეც მიუთითებს შემდეგი სიმპტომების არსებობა: გულისფრიალი, სწრაფი ან შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გონების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე).

გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის დარღვევას, შეიძლება ახლდეს შემდეგი ნიშნები: ჰაერის უკმარისობა დატვირთვაზე, ზოგჯერ - მოსვენებისას, ქვედა კიდურების შეშუპება, კისრის ვენების შებერვა და გაძლიერებული პულსაცია.

პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებელი მიმართვის საფუძველს წარმოადგენს უეცრად აღმოცენებული ძლიერი ინტენსივობის ტკივილი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში, ხველა მოვარდისფრო ფერის ქაფიანი ნახველის გამოყოფით, არარეგულარული გულისცემა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას, ჰაერის უკმარისობას, გონების კარგვას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ გავრცელებული დაავადება, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჩივილები ჩნდება ე.წ. სამიზნე ორგანოების (გული, თავის ტვინი, თირკმელები, პერიფერიული სისხლძარღვები, თვალი) დაზიანების შემთხვევაში.

სიმპტომები, რომლების მიგვანიშნებენ გულის დაავადებაზე, განსაკუთრებით საყურადღებოა თანმხლები დაავადებებისა და რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში: შაქრიანი დიაბეტი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ქოლესტერინის მომატებული დონე სისხლში, სიმსუქნე, ასაკი (მამაკაცებში>40წ, ქალებში>55წ), სქესი (მამრობითი), თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება,  დაბალი ფიზიკური აქტივობა.  

 

 

 

 

 

თემები