Georgianenglishrussian

პოლინოზი

2020.03.09

პოლინოზი

შეტევითი ხასიათის ცემინება,  ცხვირით სუნთქვის გაძნელება,  სურდო (ცხვირიდან წყალივით გამონადენი), ქავილი ცხვირ-ხახისა და თვალების არეში, ცრემლდენა, ზოგჯერ ხველა, გამონაყარი - ეს ის ჩივილებია, რაც  ყვავილობის პერიოდის დაწყებასთან ერთად აწუხებს მოსახლეობის ნაწილს.

პოლინოზი, როგორც ყველა ალერგიული დაავადება, უვითარდება გენეტიკურად წინასწარ განწყობილ პირებს.  გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. პოლინოზი მკვეთრად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და  არსებობს სერიოზული გართულებების რისკი - გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ბრონქული ასთმა.

„ავერსის კლინიკის“ ალერგოლოგი, შორენა კარბელაშვილი განგვიმარტავს, რომ პოლინოზი  ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიულ პირებში და შესაბამისად მწვავდება კონკრეტული  მცენარის ყვავილობის პერიოდში. ყვავილის მტვერი უმცირესი ზომის ცილოვანი ნაწილაკებისგან შედგება. როგორც წესი, ასეთ ნაწილაკებს  ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეგუებულია და არ რეაგირებს, თუმცა არიან ალერგიული პირები, რომელთა ორგანიზმიც ყვავილის მტვერს აღიქვამს, როგორც საფრთხეს და ცდილობს მის მოცილებას, შესაბამისად ვითარდება პოლინოზისთვის დამახასიათებელი ჩივილები.

პოლინოზის განვითარებაში საყურადღებოა ის მცენარეები, რომელთა დამტვერვაც ხდება ქარით. ასეთი მცენარეების ყვავილის მტვერი შესაძლოა ქარის მეშვეობით გადატანილ იქნას ასეულ კილომეტრზეც კი და გავლენა მოახდინოს შორ მანძილზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც.

საქართველოში მცენარეთა ყვავილობის პერიოდი საკამაოდ ხანგრძლივია - იწყება იანვრის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე. თავდაპირველად ყვავის თხილი, შემდეგ მოყვება მურყანი, კვიპაროსი, თელა, იფანი, ალვის ხე, ნეკერჩხალი, რცხილა, ჭადარი, კაკალი, წიფელი, მუხა, თუთა, ფიჭვი, ცხენისწაბლი, ცაცხვი და კედარი, მაისის შუა რიცხვებიდან ყვავილობას იწყებს მარცვლოვნები, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება სარეველების ყვავილობა (ამბროზია, ავშანი). ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა ზუსტად იცოდეს, კონკრეტულად რომელი სახეობის ყვავილის მტვერზეა ალერგიული, რომ აღნიშნული მცენარის ყვავილობას შეხვდეს მომზადებული, დროულად დაიწყოს მკურნალობა ალერგოლოგის დანიშნულებით, რაც მოუხსნის ჩივილებს, თავიდან აგვაცილებს სერიოზულ გართულებებს და შეამცირებს ბრონქული ასთმის განვითარების რისკს.  იმის დასაზუსტებლად, თუ რომელი მცენარის ყვავილის მტვერზეა პაციენტი ალერგიული, „ავერსის კლინიკაში“ ტარდება კანის სინჯები და სისხლის შრატში ხდება სპეციფიკური IgE განსაზღვრა.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ  ზოგიერთი მცენარის ყვავილის მტვერს აქვს ჯვარედინი რეაქცია საკვებთან, ამიტომ თითოეული პაციენტისთვის უნდა შეირჩეს სპეციალური დიეტა.  ასევე არსებობს შემთხვევები, როცა საჭირო ხდება იმუნოთერაპიის ჩატარებაც, რისი საშუალებითაც დაავადებულთა დიდი ნაწილის განკურნებაა შესაძლებელი.

უშუალოდ ყვავილობის პერიოდში სასურველია პაციენტმა გაითვალისწინოს ალერგოლოგის შემდეგი მითითებები:

  • მოერიდოს ბუნებაში გასვლას იმ დროს,  როცა მაღალია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია ჰაერში, განსაკუთრებით მშრალ, მზიან და ქარიან ამინდში
  • ხშირად გამოირეცხოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით
  • ქუჩაში გასვლისას გაიკეთოს მზის სათვალე და სამედიცინო ნიღაბი
  • ქალაქგარეთ მგზავრობისას მანქანის ფანჯრები დახუროს ბოლომდე
  • სახლში მისვლისთანავე  მიიღოს შხაპი და გამოიცვალოს ტანსაცმელი
  • მოერიდოს თაფლს და ზოგიერთ საკვებს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ჯვარედინი რეაქცია ყვავილის მტვერთან
  • არ გამოიყენოს მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული კოსმეტიკა და მედიკამენტები

თემები