Georgianenglishrussian

რა არის ზოლინგერ ელისონის სინდრომი?

2020.02.25

რა არის ზოლინგერ ელისონის სინდრომი?

ზოლინგერ ელისონის სინდრომი ცნობილია გასტრინომის სახელწოდებით. ეს დაავადება პანკრეასში ან/და თორმეტჯოგა ნაწლავში  ვითარდება და გვევლინება კეთილთვისებიანი ან ავთისებიანი სიმსივნის სახით.  გასტრინომის დროს გამომუშავდება ჰორმონი - გასტრინი, რომელიც იწვევს კუჭში მჟავის გაძლიერებულ წარმოქმნას (სეკრეციას), შედეგად ყალიბდება  წყლულოვანი დაავადება, დიარეა ან მალაბსორბცია.

ზოლინგერ ელისონის სინდრომი იშვიათი დაავადებაა. ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ძირითადად კი თავს იჩენს 30-50 წლის ასაკში.

როგორც „ავერსის კლინიკის“ გასტროენტეროლოგი მაკა ბენდიაშვილი განმარტავს, სინდრომი შეიძლება  იყოს დამოუკიდებლად განვითარებული ან ასოცირებული გენეტიკურ დაავადებასთან - I ტიპის მრავლობით ენდოკრინული ნეოპლაზიასთან, რომლის დროსაც აღინიშნება ჰიპოფიზის ადენომა, პარათიროიდული ჯირკვლის ზომაში მომატება ან პანკრეასის სიმსივნე.

გასტრინომა ახდენს გავლენას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებაზეც.

ზოლინგერ ელისონის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა
  • კუჭის საპროექციო არეში წვის, ტკივილის შეგრძნება
  • გულძმარვა
  • გულისრევა, ღებინება
  • სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში
  • მადის დაქვეითება
  • წონაში კლება

სტატისტიკურად, გასტრინომას  70 %  მდებარეობს  თორმეტგოჯა ნაწლავში,    20 % - პანკრეასში, ნაწილი კი ღვიძლში, ნაღვლის სადინარში, საკვერცხეში, გულში ან ფილტვში.

ზოლინგერ ელისონის სინდორმის აღმოჩენა მეტად სავარაუდოა იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მორეციდივე, რეზისტენტული და გართულებული  (პერფორაცია, პენეტრაცია, სისხლდენა) მძიმე პეპტიური წყლულოვანი დაავადება. ასევე  წყლულოვანი  დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერია H.Pylori-ის გარეშე, თანდართული ენდოკრინული დარღვევით, ჰიპერკალცემიით და ჰიპერპროლაქტინემიით.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს:

აუცილებელია მივმართოთ ექიმს, თუ გაწუხებთ ხანგრძლივი, მწველი ტკივილი კუჭის არეში, მით უფრო თუ ერთვის გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი.

გასტრინომის დიაგნოსტირებისათვის საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული და  დიაგნოსტიკური კვლევები. დიაგნოზის დასმა ეფუძნება ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:

  • დაავადების ისტორია/ანამნეზი
  • სისხლის კვლევა
  • გასტრინის დონის განსაზღვრა (სისხლში გასტრინის მაჩვენებლის დონე განსაზღვრავს დაავადების პროგნოზს და მიმდინარეობას.)
  • მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა
  • ენოდოსკოპია /გასტროსკოპია
  • საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგიური კვლევები (კტ, მრტ.)

აღნიშნული დაავადების დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის განსასაზღვრად, რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტურ, აგრეთვე ქირურგიულ მეთოდს.

თემები