Georgianenglishrussian

ავიტამინოზი და მისი პრევენცია

2020.02.03

ავიტამინოზი და მისი პრევენცია

ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინებს აქვთ მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რომელიც აუცილებელია ნორმალური მეტაბოლიზმისთვის.

ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში ხშირად თავს იჩენს ავიტამინოზის ნიშნები. ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია, ვირუსული დაავადებების, ინფექციებისა და მოტეხილობების განვითარების რისკის ქვეშ დგას. ავიტამინოზისა და ვიტამინების დეფიციტის შესახებ ვრცლად „ავერსის კლინიკის“ თერაპევტი, მედეა ტუღუში გვესაუბრება

ავიტამინოზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ვიტამინების ნაკლებობით. ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტს განიცდის ორგანიზმი.

ვიტამინების ნაკლებობის ძირითადი გამომწვევი ფაქტორია დიეტა და არასაკმარისი რაოდენობით ხილისა და საკვების მიღება, უფრო კონკრეტულად კი:

  • კონსერვირებული და იმ საკვების მიღება, რომელიც მზადდება მაღალ ტემპერატურაზე, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ვიტამინი ინაქტივირდება.
  • ნაწლავებში შეწოვის დარღვევა, რომელიც ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული.
  • ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური ფაქტორების  (ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვებში ზრდის აქტიური ფაზა) , დაავადებების ( ჰიპერთიროიდიზმი, ცხელება) გამო, რა დროსაც ვიტამინების მოხმარება არის გაზრდილი და მათი ნორმალური რაოდენობით მიღება არ არის საკმარისი ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების გამო.
  • დაუბალანსებელი დიეტა, ნახშირწყლების ჭარბი მიღება ზრდის B1 ვიტამინზე მოთხოვნილებას.
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხელს უშლის ზოგიერთი ვიტამინის აბსორბციას(შეწოვას).

ავიტამინოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს სერიოზულად საზიანო შედეგებამდე:

  • A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის დაზიანებას, თმა ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი, ქვეითდება იმუნიტეტი ინფექციური დაავადებების მიმართ, ფერხდება ძვლის ზრდა, მხედველობა უარესდება.
  • B ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რომელიც გამოიხატება თმის ცვენასა და სიმშრალეში, კანი ხდება უხეში და ადვილად იქერცლება.
  • C ვიტამინის დეფიციტი გამოიხატება იმუნიტეტის მკვეთრ დაქვეითებაში, იმატებს, ან იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას, იმატებს კარდიოვასკულარული და ონკოლოგიური პათოლოგიების რისკი.
  • D ვიტამინის დეფიციტი (რომელიც ძირითადად გამოწვეულია მზის სხივების ნაკლებობით) ხელს უწყობს ბავშვებში რაქიტის განვითარებას, ზრდის ძვლების მტვრევადობის რისკს. დღესდღეობით D  ვიტამინის დეფიციტი მთელს მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა, მისი როლი უმნიშვნელოვანესია კალციუმის და ფოსფორის ცვლისთვის. ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის , გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და ზოგადად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
  • E ვიტამინის ნაკლებობა ზრდის ანთებითი დაავადებების რისკს, განაპირობებს ჰორმონულ დისბალანსს, აქვეითებს ლიბიდოს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული დაავადებების ზრდას.
  • K ვიტამინის ნაკლებობა აქვეითებს სისხლის შედედებას და იწვევს სისხლდენას.

პაციენტს ავიტამინოზის დროს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • მეხსიერების გაუარესება
  • არსებული ქრონიკული დაავადების სიმპტომების გაუარესება
  • თმის, კანისა და ფრჩხილების მტვრევადობის ზრდა
  • ღრძილებიდან სისხლდენა
  • პირის კუთხეებში ნახეთქების არსებობა
  • კუნთების ტკივილი და შეკუმშვა
  • მუდმივი სიცივის შეგრძნება სხეულში

ამ სახის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უმჯობესია პაციენტმა მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

პრევენცია

ავიტამინოზის პრევენცია შესაძლებელია ბალანსირებული კვებით. რაციონი გაჯერებული უნდა იყოს:

  • სეზონური ხილითა და ბოსტნეულით
  • ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით
  • C ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა ავიცილოთ ციტრუსის, ვაშლის, მოცხარის მიღებით
  • A ვიტამინის დღიური დოზა შესაძლოა მივიღოთ კვერცხით, საქონლის ღვიძლით, თევზის ქონით
  • D ვიტამინის პრევენციისთვის აუცილებელია მზის აბაზანების მიღება, სუფთა ჰაერზე ყოფნა

თემები