Georgianenglishrussian

რკინადეფიციტური ანემია

2020.01.30

რკინადეფიციტური ანემია

ანემია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია პერიფერიულ სისხლში ჰემოგლობინის ან მოცირკულირე ერითროციტების რაოდენობის შემცირებით. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიეწოდება, რაც ნეგატიურად აისახება მთლიანად ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

არსებობს რამდენიმე სახეობის ანემია, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია. საწყის ეტაპზე ორგანიზმში იკლებს რკინის რაოდენობა, რის ფონზეც კუნთებისა და ტვინის მუშაობა სრულყოფილად ვეღარ მიმდინარეობს,  ამ დროს ორგანიზმი ცდილობს დაგროვებული რკინის მარაგის ხარჯზე მუშაობას, რასაც შედეგად მოსდევს რკინადეფიციტური ანემია.

რკინადეფიციტური ანემიის  სიმპტომებია:

  • შრომისუნარიანობისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • სისუსტე, დაღლილობა
  • სიფერმკრთალე
  • უმადობა
  • სიცივის შეგრძნება
  • ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • გულის რიტმის აჩქარება
  • გონების დაკარგვა
  • ფრჩხილების მტვრევა
  • თმის ცვენა
  • ტუჩის კუთხეებში დამსკდარი ადგილები
  • ყნოსვის და გემოს გაუკუღმართება

რკინა შედის ჰემოგლობინის სტრუქტურაში, ხოლო ჰემოგლობინი ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების მთავარი შემადგენელი ნაწილია. რკინას გადააქვს ჟანგბადი მთელ ორგანიზმში, შესაბამისად რკინის გარეშე ჟანგბადის სათანადო მიწოდება ვერ მოხდება და ორგანიზმი ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის.

რკინის დეფიტიცი ვითარდება მაშინ, როცა ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის. გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებული  ქრონიკული სისხლდენა,  კვებითი დეფიციტი და დიეტაა.

გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გაჯერებულია რკინით:

  • საქონლის (წითელი )ხორცი და ღვიძლი
  • ზღვის პროდუქტები
  • ნიგოზი, თხილი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
  • კვერცხი
  • ხილი (განსაკუთრებით: გარგარი, ვაშლი, ქიშმიში, ყურძენი)
  • ნიორი
  • მარცვლეული

აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი რკინის შემცველი პროდუქტებისგან ცხოველურს უფრო მეტად ითვისებს, ვიდრე მცენარეულს.

ავერსის კლინიკის ექიმი-ჰემატოლოგი ირინე დათიკაშვილი გვაფრთხილებს, ანემიის კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია ანემიის მიზეზსა და განვითარების დროზე. რაც უფრო სწრაფად ვითარდება ანემია, მით უფრო ინტენსიურია მისი სიმპტომები. ქრონიკული ანემიის შემთხვევაში სიმპტომები ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება მსუბუქი.

ანემიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

ანემიის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და დაუშვებელია მკურნალობის დაწყება ანემიის ეტიოლოგიის დადგენამდე. 

ანემიის კორექციასთან ერთად რეკომენდებულია ანემიის გამომწვევი პათოლოგიის მკურნალობა.

გახსოვდეთ, ანემიის შემთხვევაში დაუშვებელია რკინის პრეპარატებით მკურნალობის დაწყება ანემიის გენეზის იდენტიფიკაციამდე.

რკინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკისთვის მიიღეთ რკინით მდიდარი პროდუქტები და მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

თემები