Georgianenglishrussian

უახლესი, ხელოვნური ინტელექტის მქონე 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი „ავერსის კლინიკაში“

2020.01.09

უახლესი, ხელოვნური ინტელექტის მქონე 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი „ავერსის კლინიკაში“

მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს. ამაში დიდი როლი ტექნოლოგიების განვითარებამ შეიტანა. თანამედროვე სამედიცინო აპარატები დიდ შესაძლებლობებს აძლევს ექიმებს, როგორც დაავადების დიაგნოსტიკის, აგრეთვე მისი მკურნალობის კუთხით. შესაბამისად, იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულება  არ ჩამორჩეს მედიცინის განვითარებას და პაციენტებს მუდმივად უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს, აუცილებელია, იგი აღჭურვილი იყოს თანამედროვე აპარატურით.

სწორედ პაციენტებზე ორიენტირებული მიზნიდან გამომდინარე, „ავერსის კლინიკა“ ყოველწლიურად იძენს მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ბრენდების ახალ მოდელებს. 2020 წლის იანვრიდან კლინიკა პაციენტებს კომპანია Canon-ის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით მოემსახურება.

Aquilion One Genesis გახლავთ Canon-ის ფირმის პრემიუმ კლასის 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული ტომოგრაფი სიახლეა მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად დღეისათვის Aquilion One Genesis-ს მსოფლიოს სულ რამდენიმე წამყვან კლინიკაში შეხვდებით და მათ შორის უკვე „ავერსის კლინიკაც“ არის.

  • მინიმალური დასხივება
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
  • კვლევების შემცირებული ხანგრძლივობა
  • შემცირებული ხმაური კვლევის პროცესში
  • განიერი გვირაბი
  • ჭარბწონიანი პაციენტების კვლევის საშუალება

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კომფორტული უპირატესობებისა, რასაც აპარატი სთავაზობს პაციენტებს. Aquilion One Genesis პაციენტებთან ერთად სამედიცინო პერსონალსაც სთავაზობს დიდ კომფორტს. იგი აღჭურვილია ყველაზე ფართო, 16სმ-ანი დეტექტორით, სადაც განლაგებულია 0.5 მილიმეტრიანი ჭრილები, პროგრამა კი გამოსახულებას 0.1 მილიმეტრამდე ამუშავებს. შესაბამისად Canon-ის უახლეს კომპიუტერული ტომოგრაფი იძლევა ისეთი დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას, რომლებსაც სხვა კომპიუტერული ტომოგრაფები ვერ ავლენენ.

აპარატის სხვა უპირატესობები და შესაძლებლობები:

გულის დაავადებების სწრაფი და ეფექტური კვლევა: Aquilion One Genesis-ს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებაში. ინვაზიური კორონაროგრაფია, რომელიც საკმაოდ ტრავმული დიაგნოსტირების საშუალებაა და რიგი გართულებებიც შეიძლება თან ახლდეს, შესაძლებელია საწყის ეტაპზე ჩანაცვლდეს Aquilion One Genesis-ის მიერ ჩატარებული კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევით. 640 შრიანი ხელოვნული ინტელექტის მქონე კომპიუტერული ტომოგრაფით შესაძლებელია კორონალური არტერიების კვლევა რამდენიმე წუთში, კვლევის დასრულებისთანავე კი პაციენტს შეუძლია დატოვოს კლინიკა. კ.ტ. კორონაროგრაფიით ინფორმაცია მიიღება გულის მკვებავ სისხლძარღვებზე, დგინდება სისხლძარღვის შევიწროვების ხარისხი და ლოკალიზაცია, ფასდება სარქველების მდგომარეობა, სისხლის გადანაწილება გულში, გულის და სისხლძარღვების ანომალიები, რაც განსაზღვრავს მკუნრალობის შემდგომ ტაქტიკას.

ფილტვის სუბსტრაქციული კტ ანგიოგრაფია: Aquilion One Genesis ახდენს ფილტვის არტერიის ემბოლიისა და სიმსივნეების, პერფუზიის დეფექტების, მეტასტაზების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირებას. აპარატით შესაძლებელია ფილტვების არტერიებში უმცირესი ზომის თრომბის აღმოჩენა, სუბსტრაქციული ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ფილტვის არტერიის სუბსეგმენტური ტოტების დონეზე დაზიანების დიფერენცირება.

თავის ტვინის პერფუზია: Aquilion One Genesis იძლევა თავის ტვინის მკვებავი არტერიების, ექსტრა და ინტრაკრანიული სისხლძარღვების სუბტრაქციულ ანგიოგრაფიის გადაღების საშუალებას. აგრეთვე შესაძლებელია ანევრიზმების, კალციფიცირებული ართეროსკლეროზული ფოლაქების, თავის ტვინში მწვავე იშემიური ინსულტების, ინფარქტების, სიმსივნური წარმონაქმნების დიფერენციალური დიაგნოსტირება.

ღვიძლის პერფუზია, ვოლუმეტრია: აპარატს აქვსღვიძლის სეგმენტების დონეზე ანატომიურად შესწავლის ფუნქცია. ღვიძლზე ოპერაციული ჩარევების დროს შესაძლებელია ვოლუმეტრიის, ანუ  საღი და დაზიანებული ნაწილების მოცულობის დათვლა, განსაზღვრა, ღვიძლის პერფუზიის კვლევა.

4D ორთოპედიული ანალიზი: Aquilion One Genesisაფასებს სახსრების ფუნქციურ მდგომარეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტული და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის დროს მიღებული ტრავმების დეტალური დიაგნოსტირებისთვის. აპარატს შეუძლია მეტალური არტეფაქტების დათრგუნვა, მენჯ-ბარძაყის პროთეზების სკანირება და პროთეზირებული დაზიანებული სახსრების შესწავლა. სახსრის მიკროდაზიანების შეფასება, რაც გამოისახება 4D რეკონსტრუქციით.

„იოდინ მეპინგი“ _ კონტრასტის განაწილების მაღალი სიზუსტით დათვლა: აპარატი კონტრასტულ კვლევას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. ჩვეულებრივ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე კონტრასტის გამოყენებით კვლევისას, საჭიროა ჯერ უკონტრასტო კვლევა, შემდეგ კი კონტრასტით გამოკლვევა. Aquilion One Genesis აქვს იოდის კონტრასტის დათვლის ფუნქცია, რაც გულისხმობს უკონტრასტო და კონტრასტული გამოსახულებების გაერთიანებით, ქსოვილებში იოდის გადანაწილების მაღალი სიზუსტით დათვალს ფერადი რუკების საშუალებით. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით  მცირდება როგორც გამოკვლევის დრო, აგრეთვე სხივური დატვირთვა.

აპარატის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ექიმის უახლესი სამუშაო სადგური ე.წ. „workstation“, სადაც ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მხარდაჭერით, რადიოლოგებს უმაღლესი ხარისხით მიეწოდებათ კვლევიდან მიღებული სურათები დასამუშავებლად, 3D და 4D რეკონსტრუქციისთვის.

თემები