Georgianenglishrussian

"ავერსის კლინიკასა" და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019.12.18

"ავერსის კლინიკასა" და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 დეკემბერს "ავერსის კლინიკასა" და ინჰას (სამხრეთ კორეა) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა და გაამყარა უკვე არსებული კავშირი ამ ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის.

როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ორწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე არაერთი პროგრესული მეთოდის დანერგვის საფუძველი გახდა საქართველოში:

- ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახლავთ აზიის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, სადაც დაინერგა ფარისებრი ჯირკვლის ონკოპლასტიკური ქირურგიის ისეთი პროგრესული მეთოდები, როგორიცაა ტრანსაქსიალური (იღლიის ფოსოდან მიდგომით) და ტრანსორალური (პირის ღრუდან) თირეოიდექტომიები.  ეს მიმართულებები 2 წლის წინ, სწორედ ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორ ჯინ ვუკ იის დახმარებით, "ავერსის კლინიკაში" წარმატებით დაინერგა _ აღნიშნა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, პროფესორი ჯინ ვუკ იი გახლავთ ტრანსორალური თირეოიდექტომიის მეთოდის ავტორი. ის უკვე მეხუთედ ესტუმრა საქართველოს, კერძოდ კი, "ავერსის კლინიკას" და ამ კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის ხელმძღვანელ ედიშერ სიხარულიძესთან ერთად ჩაატარა ოპერაციები. ამასთან, ჩარევები ტარდება ენდოსკოპურად, რაც არ ტოვებს ნაკერებს და ნაკლებ ტრავმულია.

ინჰას  საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, პროფესორი ჯინ ვუკ იი აღნიშნავს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის გაფორმდა, კიდევ არაერთი პროგრესული ნაბიჯი მოჰყვება და ინოვაციური ოპერაციები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ინერგება “ავერსის კლინიკაშიც” წარმატებით შესრულდება.

როგორც "ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ედიშერ სიხარულიძემ გვითხრა, “ავერსის კლინიკისა” და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმის გაფორმებამ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანა, რადგან კორეული მხარე იღებს ერთგვარ ვალდებულებას, რომ ექსკლუზიურად ითანამშრომლოს "ავერსის კლინიკასთან":

- მემორანდუმი დოკუმენტირებული, იურიდიული დასტურია იმის, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ინჰას  საუნივერსიტეტო  ჰოსპიტალთან. მემორანდუმში მოიაზრება არა მხოლოდ ოპერაციების ჩატარება, არამედ სამედიცინო პერსონალის გაცვლითი პროგრამებიც. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კლინიკაში ონკოპლასტიკური ქირურგიის პარალელურად ვითარდება ინტერვენციული რადიოლოგიაც. წლების წინ, რეგიონში პირველებმა დავნერგეთ ლაზერული და რადიოსიხშირული თერმოაბლაცია. კლინიკაში ულტრათანამედროვე აპარატურაა, რაც ყველა პირობას ქმნის პროგრესული სამედიცინო მანიპულაციებისთვის. 

"ავერსის კლინიკა" ხარისხობრივად მაღალ საფეხურზეა როგორც დიაგნოსტიკური, ისე მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით _ აღნიშნა ბატონმა ედიშერმა.

"ავერსის კლინიკის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა "ავერსის კლინიკასა" და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეაფასა, როგორც ქართული მედიცინის ისტორიაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი:

-  მემორანდუმი განვითარების მეტ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს კლინიკას არა მხოლოდ მინი-ინვაზიური ენდოსკოპიური მიმართულებით, არამედ ჩვენი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისითაც.

კლინიკებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, ავერსის კლინიკის ბაზაზე ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის განათლების ცენტრის გახსნას, რომელიც არა მარტო ადგილობრივ ექიმებს მოემსახურება, არამედ მთელი რეგიონის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.

თემები