Georgianenglishrussian

ჰაიმორიტი

2019.10.30

ჰაიმორიტი

ადამიანის ცხვირის ფუნქცია არის ჰაერის გათბობა, დატენიანება და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება. თუ ადამიანი ცხვირით კარგად სუნთქავს, ჰაერის ტურბულენტობაც შესაბამისია, ორგანიზმში ჟანგბადი ადვილად ხვდება და მთელ ორგანიზმს მიეწოდება სუფთა ჰაერი.

სეზონის ცვლილებასთან და ტემპერატურის კლებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმა, ალერგიულმა ფონმა, ვირუსებმა. ამ დროს ცხვირის ღრუ იხშობა,  ვითარდება ობსტრუქცია, რასაც შემდეგ ცხვირის დანამატი ღრუების ანთება მოჰყვება.

ცხვირიდან ლორწოვანი ნივთიერების გამონადენი თავის ტკივილთან ერთად ახასიათებს ჰაიმორიტის დაავადებას, რომელზეც „ავერსის კლინიკის“ ოტორინოლარინგოლოგი, თამილა შაიაშვილი გვიამბობს:

ადამიანს ოთხი წყვილი წიაღი აქვს:

  1. ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არიან მოთავსებულები
  2. შუბლის წიაღები
  3. ძირითადი ძვლის წიაღები, რომლებიც თავის ქალას შუა ნაწილებშია მოთავსებული
  4. ეთმოიდური წიაღები, რომლებიც ცხავის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში მდებარეობს.

ჰაიმორიტი არის ზედა ყბის ძვლის წიაღის ანთებით პროცესი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი ყვითელი, მწვანე გამონადენი, თავისა და საფეთქლის მიდამოს ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება, უკანა რინორეა.

ჰაიმორიტის გამომწვევი ფაქტორებია:

  • წიაღებში ინფექციის შეღწევა
  • ცხვირის პოლიპი
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება, დეფორმაცია
  • ალერგიული რინიტი
  • ქრონიკული სინუსიტის გამწვავებული ფორმა
  • სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპატარების დიდი დოზით გამოყენება. (რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას.)
  • ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები

იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული გაციებისა და ვირუსების ჰაიმორიტის დაავადებაში გარდაქმნა.

თუ წიაღისა და ცხვირის ღრუს დამაკავშირებელი ბუნებრივი ხვრელი არ არის დახშული, შესაძლებელია თავის გარკვეულ პოზიციაში გაჩერებამ წიაღში დაგროვილ შიგთავსს გზა გაუხსნას ცხვირის ღრუსკენ. ჰაიმორის წიაღი ამ ხვრელთან შედარებით ქვემოთ მდებარეობს, ამიტომაც ამ პრობლემის დროს (წიაღებიდან ის ყველაზე ხშირად ინფიცირდება) პაციენტმა თავი წიაღის საწინააღმდეგო მხარეს 45 გრადუსიანი კუთხით უნდა დახაროს.

ჰაიმორიტისგან განკურნების გზები:

  1. კონსერვატიული (მედიკამენტოზური)
  2. ფიზიოპროცედურები
  3. ღრუების შიგთავსის მექანიკური გამოსუფთავება
  4. ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევის დროს ხორციელდება ენდოსკოპიური ჰაიმოროტომიები და ეთმოიდოტომიები, გასუფთავების მიზნით ცხვირის ღრუს მხრიდან ენდოსკოპით შედიან ბუნებრივი ხვრელით წიაღებში და ანთავისუფლებენ შიგთავსისგან. შესაძლებელია ჩატარდეს წიაღის პუნქციაც, ეს ინვაზიური მეთოდია. ცხვირის ქვედა სავალიდან  ნემსით ირეცხება ჰაიმორის ერთ-ერთი ღრუ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაიმორიტის განკურნების გზები ინდივიდუალურია გამომწვევი მიზეზის, დიაგნოზისა და დაავადების სირთულის მიხედვით. სასურველია, პაციენტმა ხანგრძლივი სურდოს, ქრონიკული ან გახანგრძლივებული სინუსიტის დროს ექიმს მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს ქრონიკული პროცესის ისეთი გართულებები, როგორებიცაა ძვლების დესტრუქცია, მენინგიტი და სხვა.

თემები