Georgianenglishrussian

"ავერსის კლინიკას" დიდი ბრიტანეთის წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ეწვევა

2019.10.25

"ავერსის კლინიკას" დიდი ბრიტანეთის წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ეწვევა

2019 წლის 21 ნოემბერს „ავერსის კლინიკას“ ეწვევა ბრიტანეთის წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, ბაგვათ მათური, რომელიც „ავერსის კლინიკის“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგ, თემურ გურჯიძესთან ერთად ჩაატარებს ძუძუს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს საკუთარი ქსოვილის (DIEP flap) გამოყენებით.

DIEP – (Deep Inferior Epigastric Perforatot) სამედიცინო და ქირურგიულ სფეროში ინოვაციური მეთოდია. აღნიშნული ჩარევა გულისხმობს  პაციენტის მუცლის წინა კედლიდან კანის ნაწილის აღებას და მის გადანაცვლებას სარძევე ჯირკვლის ადგილას მასტექტომიის შემდეგ ძუძუს რეკონსტრუქციისთვის. კანის ნაწილის აღება ხდება მკვებავ სისხლძარღვებთან და ცხიმოვან ქსოვილთან ერთად.

ამ ტიპის რეკონსტრუქციული ჩარევის უპირატესობა ის არის, რომ მუცლის წინა კედლის კუნთები არ ზიანდება. ეს თავის მხრივ ამცირებს მუცლის ღრუს ისეთი ქირურგიული დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა თიაქარი და კუნთების დისტროფია. ამასთანავე, ოპერაციის ხანგრძლივობა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დრო შემცირებულია.

სწორედ, ამიტომ აღნიშნული მეთოდი ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის მიერ აღიარებულია როგორც „ოქროს სტანდარტი“ ძუძუს რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.

ოპერაციები ჩაუტარდებათ ძუძუს კიბოს ან მასტექტომიის(ძუძუს მოკვეთა) შემდგომი პერიოდის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ან უკვე აქვთ ჩატარებული მასტექტომია.

ვიზიტის ფარგლებში „ავერსის კლინიკის“ ქირურგთან ერთობლივი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ჩარევის გარდა, ბაგვათ მათური ჩაატარებს მასტერკლასსა და სპეციალურ ლექციას  ახალგაზრდა ქირურგებისთვის, სტუდენტებისთვის,  უმცროსი ექიმებისთვისა და რეზიდენტებისთვის.

თემები