Georgianenglishrussian

კარიესი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში

2019.10.15

კარიესი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში

კარიესი – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 95%. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორით.

კარიესის მიზეზად ითვლება კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები. ადამიანის პირის ღრუში არის ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმი, რომლებიც  ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კბილების საგულდაგულოდ გამოხეხვის მიუხედავადაც კი, 2–4 საათში მათმა რაოდენობამ შეიძლება მილიონს მიაღწიოს. არსებობს კარიესის ხელშემწყობი პირობები, ესენია:

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • კვების ხასიათი – კერძოდ მიკროელემენტების, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დაბალი იმუნიტეტი

  არსებობს კარიესის ოთხი სტადია, ესენია:

  1. ლაქის სტადია –ეს არის კარიესის განვითარების ადრეული სტადია. კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. ამ დროს მინანქარში მცირდება კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობა. მინანქარი კარგავს ერთფეროვნებასა და ბზინვარებას, შემდეგ კი რბილდება.
  2. ზედაპირული კარიესი - ამ დროს დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ მინანქარში.
  3. საშუალო კარიესი - ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სცილდება მინანქარ–დენტინის საზღვარს, თუმცა ფესვამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი აშორებს.
  4. ღრმა კარიესი - ასეთ დროს ფესვამდე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა.

თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ, კარიესი შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტითა(ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით(ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

როგორ დავიცვათ თავი კარიესის განვითარებისგან?

  • პირის ღრუს რეგულარული მოვლით
  • შაქრის შემცველი საკვების მიღების შემცირებით
  • კალციუმის და ფტორის შემცველი კბილის პასტების მოხმარებით
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლებების გამოყენება
  • პროფილაქტიკური ვიზიტით სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ
  • კბილთა რკალის გასწორებით

„ავერსის კლინიკის“ სტომატოლოგიური სამსახურის უფროსი - ქეთევან დავლაძე გვირჩევს: ბავშვი კბილების ამოჭრისთანავე მივაჩვიოთ კბილების გამოხეხვას. კბილების გაწმენდა მშობლის დახმარებითა და მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. სასურველია, თუ ადრეულ ასაკში კბილის მოვლასა და ჰიგიენური სისუფთავის დაცვას თამაშის ფორმას მივცემთ, რაც მოზადრობისა და ზრდასრულ ასაკში ადამიანს ყოველდღიურ ჩვევად ჩამოუყალიბდება.

პირის ღრუს გასუფთავება და ჰიგიენური რუტინის დაცვა აუცილებელია დღეში ორჯერ:  დილით - საუზმის შემდეგ და საღამოს - ძილის წინ.

თემები