Georgianenglishrussian

კარდიორეაბილიტაციის პროგრამა ავერსის კლინიკაში

2019.09.18

კარდიორეაბილიტაციის პროგრამა ავერსის კლინიკაში

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად გვხდება და ერთ-ერთი
პირველი ადგილიც უკავია სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. კარდიოლოგიური
დაავადებების განკურნება ხანგრძლივი პროცესია და არ შემოიფარგლება მხოლოდ
მკურნალობის კურსით. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შემდგომ
რეაბილიტაციის პროცესსაც. საქართველოში კარდიოლოგიური პაციენტებისთვის ამ
დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი კარდიორეაბილიტაციის კომპლექსური კურსები,
თუმცა დღეიდან ავერსის კლინიკა გარდა კარდიოლოგიური დაავადებების
მკურნალობისა, პაციენტებს უკვე სრულფასოვან, კომპლექსურ კარდიორეაბილიტაციის
კურსებსაც სთავაზობს.
ჩვენთან დაინერგა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და
კარდიორეაბილიტაციის პროგრამა, რომელშიც ჩართულია მაღალკვალიფიციური გუნდი
კარდიოლოგის, ფსიქოლოგისა და ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტის
შემადგენლობით. პროგრამის მიზანია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება
და ხანგრძლივობის გაზრდა, ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის
მომატება, პაციენტის ფსიქოსოციალური სტატუსის ამაღლება და ემოციური სტრესის
შემცირება.
კარდიორეაბილიტაციის პროგრამა ესაჭიროებათ პაციენტებს, ვისაც გადატანილი
აქვთ:
 მიოკარდიუმის ინფარქტი
 კორონალური შუნტირება
 ქირურგიული ჩარევა სარქვლებზე
 კორონალური ანგიოპლასტიკა, ბალონირება-სტენტირება
 სტენოკარდია
 გულის ქრონიკული უკმარისობა - კომპენსირებული
პროგრამა მთლიანად დაფუძნებულია წამყვან სამედიცინო ქვეყნებში არსებულ
პრაქტიკაზე და მოიცავს ჯგუფურ სეანსებს (2-5 პაციენტი). ვარჯიშები ყოველდღიურია და
მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ტარდება. პაციენტები ეკგ
მონიტორირების ფონზე, წინასწარ შემუშავებული ინდივიდუალური სქემის მიხედვით
გადიან რეაბილიტაციის პროგრამას. ინდივიდუალური სქემა პაციენტის დეტალური
კარდიოლოგიური შეფასებისა და დატვირთვის ტესტების შედეგების საფუძველზე
იგეგმება. ბალანსირებულ დატვირთვას კოორდინაციისა და მეხსიერების გამააქტიურებელი
ვარჯიშები ერთვის თან. პარალელურად პაციენტები ფსიქოლოგიურ ტესტირებას გადიან,
რომლის შედეგებიც კიდევ უფრო აზუსტებს ვარჯიშების ინდივიდუალურ პარამეტრებს.
პროგრამა ამავდროულად მოიცავს საგანმანათლებლო და სალექციო კომპონენტს, ვინაიდან
ცნობილია, რომ ინფორმირებული პაციენტების მდგომარეობა ნაკლებად რთულდება და
ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაც უფრო ადრე ხდება.
პროგრამის პირველი ეტაპი 2-კვირიანია, 10 სეანსს მოიცავს და დღეში 2 საათი
გრძელდება. პირველი ეტაპის შემდეგ შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის გაგრძელება,
ცხადია, მეთოდისტის თანხლებით და კვლავ ეკგ-მონიტორირების ფონზე, კვირაში 2–3–ჯერ.

თემები