Georgianenglishrussian

ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სიმსივნეების ლაპაროსკოპიული ქირურგია ავერსის კლინიკაში

2019.08.05

ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სიმსივნეების ლაპაროსკოპიული ქირურგია ავერსის კლინიკაში

სტატისტიკურად მთელ მსოფლიოში იზრდება ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობა. აღნიშნული დაავადებების მკურნალობის რადიკალურ მეთოდად დღემდე რჩება ქირურგიული ჩარევა. 

საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაციები, განსაკუთრებით ლაპაროსკოპიული მეთოდით (ე.წ.უსისხლო მეთოდი), წარმოადგენს სიახლეს, რომელიც სულ რამდენიმე სამედიცინო ცენტრში ხორციელდება. „ავერსის კლინიკაში“ ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სიმსივნეების, აგრეთვე ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებების დროს ოპერაციები ტარდება როგორც ღია, აგრეთვე ლაპაროსკოპიული მეთოდით, უახლესი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელთაც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში აქვთ მიღებული გამოცდილება.

რეგიონში სიახლეს წარმოადგენს ე. წ. ICG ტექნოლოგიაც( ICG– ინდოციანინის მწვანე, სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ოპერაციის დროს). ღვიძლის ანატომიური რეზექციის დროს, კონკრეტული ამოსაკვეთი სეგმენტის საზღვრების კიდევ უფრო ზუსტად დადგენის მიზნით, ქირურგიულ სპეციფიკურ მეთოდთან ერთად, გამოიყენება სწორედ ICG ტექნოლოგია, სპეციალურ აპარატურასთან ერთად. მისი დახმარებით, ოპერაციის დროს ხდება ლიმფური კვანძების შეღებვა. აქედან გამომდინარე, ICG ტექნოლოგია გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და კუჭის ოპერაციების დროს ლიმფური კვანძების აღმოსაჩენადაც, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების დარჩენის რისკი.  

ღვიძლის ანატომიური სეგმენტური აგებულება (სურათი 1) იძლევა საშუალებას, რომ ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს ამოიკვეთოს მხოლოდ კონკრეტული, სიმსივნით დაავადებული სეგმენტი, რაც უზრუნველყოფს ღვიძლის მცირე ნაწილის ამოკვეთას ონკოლოგიურად ადეკვატურ ფარგლებში. ოპერაციის შემდეგ ორგანიზმში რჩება სიმსივნურად შეუცვლელი ღვიძლის დიდი ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ციროზით დაავადებული პაციენტებისთვის.

დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება ზრდის ქირურგიული ჩარევის ეფექტურობას, თუმცა ვინაიდან ღვიძლისა და პანკრეასის სიმსივნეებს საწყის ეტაპზე არ გააჩნიათ სპეციფიკური სიმპტომები, მათ აღმოსაჩენად აუცილებელია ხშირი კვლევა და მუდმივი კონტროლი. დაავადების რისკ ჯგუფში მყოფი პირებისთვის (C და B ჰეპატიტის ვირუსით დაავადებული პირები, მათ შორის პაციენტები, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს ვირუსის საწინააღმდეგო ელიმინაციური მკურნალობა) მნიშვნელოვანია პერიოდული ექოსკოპიური კონტროლი, ასევე ღვიძლისა და პანკრეასის კიბოს მარკერების განსაზღვრა.

 

ღვიძლზე, სანაღვლე გზებსა და პანკრეასზე ლაპაროსკოპიულად ჩატარებული ოპერაციების უპირატესობებია:

  • განაკვეთის არ არსებობა მუცლის წინა კედელზე
  • ადრეული რეაბილიტაცია (პაციენტს მცირე ზომის ჭრილობების გამო არ აქვს ტკივილი, ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი გადაადგილდება დამოუკიდებლად)
  • პოსტოპერაციული ასციტის (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) განვითარების ნაკლები რისკი
  • პოსტოპერაციული თიაქრების განვითარების ნაკლები რისკი
  • კლინიკაში დაყოვნების ხანმოკლე პერიოდი.

https://www.youtube.com/watch?v=o6WRawE9dek

თემები