Georgianenglishrussian

კანის კიბო: გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

2019.06.26

კანის კიბო: გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

კანის კიბო ძირითადად სხეულის იმ ნაწილებზე წარმოიქმნება, სადაც ხდება მზის სხივების ზემოქმედება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა იშვიათად შესაძლოა გაჩნდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის გამოსხივება ვერ აღწევს.

არსებობს კანის კიბოს სამი ძირითადი ფორმა:

  • ბრტყელუჯრედოვანი; 
  • ბაზალურუჯრედოვანი;
  • მელანომა;

კანის კიბოს განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ თავს აარიდებთ მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას.

სხეულის რომელ ადგილებში ვითარდება კანის კიბო?

კანის კიბო ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის გამოსხივება მეტია - თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის სინათლე არ გვხვდება - ხელის გულები, ხელის ან ფეხის ფრჩხილების ქვეშ და გენიტალიებთან.

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომას სიმპტომები

ძირითადად ჩნდება მზით გარუჯულ ადგილებზე, როგორიცაა კისერი და სახე. მისი დამახასიათებელი ნიშნებია:

  • მარგალიტისებური ან დრეკადი წანაზარდი.
  • ბრტყელი, ხორცისფერი ან ყავისფერი ნაწიბურის მაგვარი დაზიანება
  • კანის დაზიანება, საიდანაც პერიოდულად ხდება სისხლდენა.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის სიმპტომები

ძირითადად ჩნდება მზისგან დაზიანებულ ადგილებზე, როგორიცაა - სახე, ყურები, ხელები. მისი ნიშნებია:

  • მკვრივი, წითელი კვანძი
  • ბრტყელი დაზიანება აქერცლილი ზედაპირით.

მელანომას სიმპტომები

მელანომა შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს. მამაკაცების შემთხვევაში მელანომა ხშირად გვხვდება სახეზე ან ტორსზე, ხოლო ქალების შემთხვევაში - ფეხის ქვედა ნაწილზე. დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც მზისგან დაცულ, ასევე მზისგან დაზიანებულ კანზე.

მელანომას ნიშნებია:

  • დიდი ყავისფერი ლაქა მუქი ფერის წერტილებით
  • ხალი, რომელიც იცვლის ფერს, ზომას ან სისხლმდენია
  • მცირე ზომის კანის დაზიანება არათანაბარი კიდეებით, რომელიც შესაძლოა იყოს წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ცისფერი ან მუქი ლურჯი;
  • კანის დაზიანება, რომელიც მტკივნეულია, გექავებათ ან გაქვთ წვის შეგრძნება
  • მუქი ფერის კანის დაზიანება ხელის და ფეხის გულზე, თითის წვერებზე ან პირის, ცხვირის, ვაგინისა და ანუსის არეში.

რა ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?

  • კანის ფერი არ არის დაავადების განვითარების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუმცა მელანინის ნაკლებობა კანის რადიაციისგან დაცვის უნარს აქვეითებს. მათ ვისაც ღია ფერის თმა და თვალები აქვთ, მარტივად იღებენ მზეზე დამწვრობას, მეტი რისკის ქვეშ არიან დაავადდნენ კანის კიბოთი.
  • მზის დამწვრობის მიღება, რომლის დროსაც კანზე ჩნდება ბუშტუკები, ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას.
  • ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზის დასხივების ქვეშ იმყოფება, განეკუთვნება კანის კიბოს განვითარების რისკ ჯგუფს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არ იყენებენ მზის დამცავ საშუალებებს. გარუჯვა წარმოადგენს დაავადების განვითარების საშიშროებას, რადგან რუჯი არის კანის დაზიანება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ დიდი ხნის ყოფნის შედეგად.
  • მათ ვისაც აქვს დიდი რაოდენობით ხალები, განსაკუთრებით უჩვეულო ზომისა და ფორმის, კიბოს განვითარების რისკის ქვეშ არიან; ამიტომ აუცილებელია მათი ზომისა და ფორმის რეგულარული კონტროლი.
  • კანის დაზიანებები, რომლებიც ცნობილია როგორც კერატოზები, დაავადების რისკ ჯგუფში ყოფნის ნიშანია. აღნიშნული დაზიანებები ჩნდება როგორც უხეში, აქერცლილი კანი, რომელიც იღებს ყავისფერ ან მუქ ვარდისფერ შეფერილობას.
  • ოჯახური ისტორია - დაავადების არსებობის რისკი იზრდება თუ თქვენს რომელიმე ოჯახის წევრს ჰქონდა კანის კიბო; ასევე რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, ვისაც ერთხელ უკვე გამოუვლინდა დაავადება.
  • დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები კანის კიბოს განვითარების დიდი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ვირუსული ჰეპატიტისა და შიდსის მქონე ადამიანები.
  • მზის გამოსხივების ქვეშ ყოფნა საფრთხის შემცველია მათთვის ვისაც აქვს ეგზემა ან აკნე. არსებობს დიდი რისკი, რომ ასეთ ადამიანებს განუვითარდეთ ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა.

როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

ეცადეთ თავი შეიკავოთ მზეზე გასვლისგან შუადღის პერიოდში. კანის კიბოს პრევენცია ადრეულ ეტაპზე მარტივია თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:

  • გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები წლის ნებისმიერ დროს, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ისინი სრულად არ იცავენ კანს მზის მავნე გამოსხივებისგან.
  • აუცილებლად გამოიყენეთ მზის სათვალე, რომელიც დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  • სოლარიუმით სარგებლობის წინ რეკომენდაციისათვის მიმართეთ ექიმს, რადგან მოწყობილობის გასარუჯ ნათურებს ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს, რომელიც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.
  • ყურადღება მიაქციეთ, მედიკამენტებს, რომლებსაც მოიხმართ, აქვთ თუ არა კანის მხრიდან მზის მგრძნობელობაზე გავლენა.

აუცილებლად აკონტროლეთ ნებისმიერი ცვლილება კანზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე ზრდის მისი წარმატებით მკურნალობის შესაძლებლობას.

 

თემები