Georgianenglishrussian

რა უნდა ვიცოდეთ ძილის აპნოეზე?!

2019.06.04

რა უნდა ვიცოდეთ ძილის აპნოეზე?!

ძილის აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა, რომლის ნიშნებია - ხვრინვა და ძილის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება.

ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია:

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე - ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც იწვევს ყელის კუნთების მოდუნება
  • ცენტრალური ძილის აპნოე - რომლის დროსაც ტვინი არ აგზავნის ბრძანებას იმ კუნთებთან, რომლებიც მონაწილეობენ სუნთქვის პროცესში
  • კომპლექსური ძილის აპნოე, როდესაც ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოე ერთად არის განვითარებული.

სიმპტომები

ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოეს სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რის გამოც მათი ერთმანეთისგან განსხვავება რთულია. მათი სიმპტომებია:

  • ხვრინვა
  • ძილის დროს მძიმედ სუნთქვა
  • ძილის დროს სუნთქვის პერიოდული შეჩერება
  • გაღვიძების დროს პირის სიმშრალე
  • დილით თავის ტკივილი
  • უძილობა (ინსომნია)
  • გადამეტებული ძილიანობა (ჰიპერსომნია)
  • კონცენტრაციის დარღვევა
  • გაღიზიანებადობა

დაავადების გამომწვევი მიზეზები

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე

ობსტრუქციული ძილის აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ყელის უკანა კედელზე კუნთები მოდუნებულია. აღნიშნული კუნთები მოიცავს სასას, ნაქს, ნუშურებს, ყელის კედლებისა და ენის კუნთებს.

როდესაც კუნთი მოდუნებულია, ჰაერის შესუნთქვის დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება ან იკეტება, შედეგად ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჰაერი და ჟანგბადის დონე სისხლში იკლებს. სუნთქვის გაძნელების საპასუხოდ, ტვინი აგზავნის სიგნალებს და ადამიანს ეღვიძება. ეს გამოღვიძება ხშირად იმდენად მოკლე დროში ხდება რომ შესაძლოა არც გახსოვდეთ.

აღნიშნული პროცესი იწვევს ხვრინვას, მოგუდვას და სუნთქვის გაძნელებას, რაც შესაძლოა განმეორდეს 5-ჯერ ან 30-ჯერ ყოველ საათში, მთელი ღამის განმავლობაში. ეს პროცესი ხელს უშლის ზედაპირული ძილის ღრმა ძილის ფაზაში გადასვლას.

  • ცენტრალური ძილის აპნოე

ძილის აპნოეს ნაკლებად გავრცელებული ფორმაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინი არ აგზავნის ბრძანებას სასუნთქი სისტემის კუნთებთან. ეს ნიშნავს, რომ ხდება სუნთქვის შეჩერება დროის მოკლე მონაკვეთში. შესაძლოა გაიღვიძოთ სუნთქვის უკმარისობით და შემდგომ რთული გახდეს დაძინება.

დაავადების რისკ ჯგუფები

ძილის აპნოე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს; თუმცა არსებობს გარკვეული გარემო პირობები, რომლებიც ახდენენ დაავადების პროვოცირებას.

ობსტრუქციული ძილის აპნოეს შემთხვევაშიდაავადების პროვოცირებას ახდენს:

  • ჭარბწონიანობა - ცხიმოვანი ფენა გროვდება ზედა სასუნთქ გზებთან, რაც ხელს უშლის ჰაერის გადაადგილებას
  • ვიწრო სასუნთქი გზები - ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი შესაძლოა შეექმნათ სუნთქვის პრობლემები.
  • ნუშისებრი ჯირკვლებისა და ადენოიდების ჰიპერტროფია - იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას, ეს პრობლემა ძირითადად გვხვდება ბავშვებში.
  • ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება ადუნებს კუნთებს სასუნთქ სისტემაში, რამაც შესაძლოა გააუარესოს ობსტრუქციული აპნოე.
  • თამბაქოს მოხმარება - მწეველების დაავადების რისკი ობსტრუქციული ძილის აპნოეთი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია.
  • ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა ართულებს სუნთქვის პროცესს და მეტია ძილის აპნოეს განვითარების რისკი
  • მამაკაცებში უფრო ხშირია ძილის აპნოეს პრობლემები ვიდრე ქალებში. ქალების დაავადების რისკი იზრდება ჭარბწონიანობის შემთხვევაში, ასევე მენოპაუზის შემდგომ პერიოდში
  • ასაკის მატებასთან ერთად აღნიშნული პრობლემის განვითარების რისკი იზრდება.

ცენტრალური ძილის აპნოეს შემთხვევაშიდაავადების პროვოცირებას ახდენს:

  • გულის დაავადებები წარმოადგენენ ცენტრალური ძილის აპნოეს ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს
  • ასაკის მატება - ასაკთან ერთად ცენტრალური ძილის აპნოეს განვითარების რისკი იზრდება
  • დაავადება უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში ვიდრე ქალებში
  • ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება - ოპოიდები, განსაკუთრებით ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი მოქმედება.

გართულებები

ძილის აპნოე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი გართულებები:

  • დაღლილობა დღის განმავლობაში
  • კონცენტრაციის დარღვევა, მოულოდნელად ჩაძინება სამსახურში, ტელევიზორის ყურებისას ან ავტომობილის მართვისას
  • ხასიათის გაფუჭება ან დეპრესია
  • სისხლის მაღალი არტერიული წნევა ან გულის პრობლემები
  • ობსტრუქციულმა ძილის აპნოემ შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია.
  • ტიპი 2 დიაბეტი - ძილის აპნოემ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინის რეზისტენტობა და შედეგად განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი.
  • მეტაბოლური სინდრომი - იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, ქოლესტერინის დონის ცვლილებებს
  • გართულებები მედიკამენტებით მკურნალობისას და ქირურგიული ჩარევის შემდეგ - ძილის აპნოეს დროს სუნთქვის პრობლემა ვითარდება მშვიდ მდგომარეობაში, ზურგზე წოლისას, რის გამოც ქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი.
  • ღვიძლის პრობლემები - მათ ვისაც ძილის აპნოე აწუხებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ფიბროზითა და ციროზით, ასევე არაალკოჰოლური მიზეზებით გამოწვეული ღვიძლის გაცხიმოვნება.

თუ ფიქრობთ, რომ ძილის აპნოე გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მკურნალობით შესაძლებელია დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, შესაძლო გართულებების და გულის დაავადებების თავიდან აცილება.

წყარო: www.mayoclinic.org

თემები