Georgianenglishrussian

როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას?

2019.05.24

როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას?

უძილობას შეუძლია თქვენი დღეები ნამდვილ კოშმარად აქციოს და გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ასევე გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობაზე.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძილობა იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, როგორიცაა - გულის, გასტროენტეროლოგიური და მეტაბოლური დაავადებები.

სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზები და იპოვოთ მათი გადაჭრის გზები, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.

მიირთვით ჯანსაღი საკვები

კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ძილის დარეგულირებაში. საკვები პირდაპირ კავშირშია სეროტონინის გამომუშავებასთან. ეს ჰორმონი ვიტამინებთან B6, B12 და ფოლიუმის მჟავასთან ერთად გვეხმარება ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ეცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც გაზრდის სეროტონინის დონეს თქვენს ორგანიზმში - რთული ნახშირწყლები როგორიცაა - ხორბლის პური და მაკარონი; ცილები - ქათმის ან ინდაურის ხორცი, მცენარეული ცხიმები - კაკალი; სასმელები - როგორიცაა თბილი რძე ან გვირილის ჩაი.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ღამის ცვლაში მუშაობთ

ღამის ცვლაში მუშაობისას შესაძლოა სხეულის შინაგანი საათი დაირღვეს და გამოიწვიოს ძილის პრობლემები. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია შეიმუშაოთ ძილის სტანდარტულ რუტინა, რაც გულისხმობს შემდეგს - დაიძინეთ სამსახურის დამთავრებისთანავე, ჩააბნელეთ თქვენი საძინებელი ოთახი, გახადეთ ის ჩუმი და გრილი. სასურველია თქვენი ახლობლები გააფრთხილოთ არ შეგაწუხონ ძილის პერიოდში.

შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება ძილის წინ

ძილის წინ ალკოჰოლის მიღება შესაძლოა დაგეხმაროთ სწრაფად დაძინებაში, თუმცა გაგიჭირდებათ ღამით მოსვენება. ალკოჰოლის გადამუშავება ხდება ღამის მეორე ნახევარში, რაც მშვიდად ძილს უშლის ხელს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ცუდი სიზმრები და ძილში მოუსვენრობა. ალკოჰოლი ადუნებს კუნთებს და შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემებიც კი. ამიტომ, უმჯობესია თუ შეზღუდავთ გვიან საღამოს ალკოჰოლის მიღებას ან საერთოდ არ მიიღებთ მას.

ივარჯიშეთ რეგულარულად, მაგრამ არა ძილის წინ

კვლევებით დადასტურებულია, რომ ვარჯიში ხელს უწყობს ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. თუმცა ძილის წინ ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს და ეს შესაძლოა გახდეს უძილობის მიზეზი. უკეთესია თუ ივარჯიშებთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასაძინებლად ბევრი დრო გჭირდებათ და განიცდით მუდმივ დაღლილობას, შესაძლოა გქონდეთ ძილის დარღვევის პრობლემა, რომლის სამკურნალოდაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ძილის დარღვევების უმრავლესობა დღეისათვის განკურნებადია; ექიმთან დროული ვიზიტი კი თავიდან აგარიდებთ უძილობის მიზეზით სხვა დაავადებების განვითარებას.

თემები