Georgianenglishrussian

კუჭის კიბო და მისი ნიშნები

2019.05.16

კუჭის კიბო და მისი ნიშნები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით კუჭის კიბო მსოფლიოში გავრცელებულ სიმსივნეებს შორის მე-5 ადგილზეა, ხოლო სიმსივნით დაავადებულთა სიკვდილიანობის მიხედვით მე-3.

კუჭის კიბოს სიმპტომები იმდენად შეუმჩნეველია, რომ რთულია ამ დაავადებაზე ეჭვის მიტანა. სიმსივნის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელია:

  • ზოგადი სისუსტე
  • ადვილად დაღლა
  • გულისრევა

ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ პრობლემებს არ ექცევა ყურადღება და დაავადების აღმოჩენა ხდება შორს წასულ სტადიაში.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კუჭის კიბოს არსებობის სავარაუდო ნიშნებია:

  • მადისა და წონის მოულოდნელი კლება.
  • ანემია და დაღლილობის შეგრძნება.
  • ხორციანი საკვების ზიზღი.
  • იშვიათ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება.
  • სიმაძღრის შეგრძნება მცირე რაოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევა, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს ყაბზობით ან დიარეით.

რა უწყობს ხელს კუჭის კიბოს გაჩენას?

  • თამბაქოს მოხმარება
  • ასაკი (ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების რისკი იზრდება)
  • A ჯგუფის სისხლი
  • ჭარბწონიანობა
  • კუჭის წყლულოვანი დაავადებების გამო ქირურგიული ჩარევები
  • გენეტიკური დარღვევები
  • შებოლილი საკვების, დამარილებული თევზის და  შაშხის ხშირად მოხმარება
  • დაავადების ოჯახური ისტორია

როგორ შევამციროთ დაავადების გაჩენის რისკი?

დაავადების გაჩენას ხელს უწყობს ნახევარფაბრიკატებისა და არაჯანსაღი საკვების ხშირი მოხმარება, რის გამოც აუცილებელია ჯანმრთელი კვების რეჟიმზე გადასვლა.

დიეტა უმჯობესია მოიცავდეს ახალ ბოსტნეულს, ხილსა და ნაკლები რაოდენობით ხორცს, განსაკუთრებით კი გადამუშავებულ ხორცს. არაჯანსაღი საკვების შემცირება არამხოლოდ დაგიცავთ სიმსივნის განვითარებისგან, არამედ თავიდან აგარიდებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა გავრცელებულ პრობლემებსა და შემაწუხებელ სიმპტომებსაც.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ ეს არ უნდა გახდეს თქვენი შეშფოთების მიზეზი, რადგან აღნიშნული სიმპტომები არ გახლავთ მხოლოდ კუჭის კიბოსთვის დამახასიათებელი და მიზეზი შესაძლოა სხვა ნაკლებად მძიმე პრობლემა იყოს.  ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა გარკვეული ტიპის საკვებსა და გარემო პირობებზე, ამიტომ აუცილებელია ვიკვებოთ სწორად და  საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ გასტროენტეროლოგს.

თემები