Georgianenglishrussian

გაფანტული სკლეროზი

2019.05.03

გაფანტული სკლეროზი

დღეს მსოფლიოში გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით ორ მილიონზე მეტი ადამიანია აღრიცხული და მათგან 1000-ზე მეტი საქართველოში ცხოვრობს. ეს ქრონიკული, მორეციდივე დაავადება სამართლიანადაა აღიარებული თანამედროვე ნევროლოგიის ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემად - ერთი მხრივ, ის ძირითადად ახალგაზრდა ასაკში იჩენს თავს, მეორე მხრივ კი მისი მკურნალობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. ამ დიაგნოზით ცხოვრებას მოსდევს უამრავი დიდი თუ მცირე პრობლემა, რომლებიც ექიმთან ერთად უნდა გადაიჭრას.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებს „ავერსის კლინკის“ ნევროლოგი, მედიცინის დოქტორ მაკა მანია

 

- ქალბატონო მაკა, რას გვეტყოდით გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ?

-  უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი–სამი ათეული წელია, გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში მკვეთრი წინსვლა და მიღწევები შეინიშნება. დღეს უკვე რეგისტრირებულია ოცამდე სამკურნალო საშუალება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა 30%-დან 70%-მდე. ბიოფარმაკოლოგიური ინდუსტრია აქტიურად ეძებს ახალ მოლეკულებს და მექანიზმებს. უკვე გამოჩნდა ისეთი ფორმულები, რომელთა გამოყენებასაც შესაძლოა მოჰყვეს დაავადების პროგრესირების სრული შეჩერება 4 წლიდან 10 წლამდეც კი. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა.

-  ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზი უმეტესად ახალგაზრდა ქალებში ვლინდება, რაც ორსულობასთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას აჩენს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

-  ვინაიდან პრობლემა უმთავრესად ახალგაზრდებს ეხება, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია შვილოსნობა და ოჯახის დაგეგმვა. ორსულობა უნდა დაიგეგმოს როგორც დაავადებისთვის უსაფრთხო პერიოდში, ისე ნაყოფისთვის უსაფრთხო ვითარებაში. უნდა ითქვას, რომ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი უსაფრთხოა ნაყოფისთვის, მათ შორის არის ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი მედიკამენტებიც. ზოგიერთი მათგანი ძუძუთი კვების პერიოდშიც კი უსაფრთხოა. აღსანიშნავია ასევე, რომ ორსულობის პერიოდში დაავადების აქტივობა რამდენადმე მცირდება, რის გამოც მისი გამწვავება შედარებით იშვიათია.

მეორე მხრივ, რა რისკის ემუქრება თვითონ პაციენტს ორსულობის გამო? ვინაიდან ყველა მედიკამენტი არ შეიძლება იყოს გამოყენებული ორსულობისას, არის შემთხვევები, როცა პაციენტს ვთავაზობთ, შეწყვიტოს გაფანტული სკლეროზის გრძელვადიანი მკურნალობა ორსულობის დასაგეგმავად. ამგვარად, ორსულობის პერიოდში პაციენტი მკურნალობის გარეშე რჩება. ბუნებრივია, ამ ვითარებაში მოიმატებს დაავადების აქტივობა, თუმცა რისკი შეიძლება საგრძნობლად შევამციროთ, თუ პაციენტი ორსულობის დაგეგმვამდე ორი წლის განმავლობაში ჩაიტარებს გაფანტული სკლეროზის გრძელვადიან მკურნალობას მაღალეფექტური მედიკამენტებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მშობიარობის შემდეგ გაფანტული სკლეროზის მქონე დედას ელის ხშირი ღამისთევა, ძლიერი გადაღლა და სხვადასხვა სახის სტრესი, რაც არასასურველია ამ დაავადების დროს. ამდენად, წინასწარ უნდა დაიგეგმოს მომავალი დედის დახმარება და მხარდაჭერაც.

რაც შეეხება დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია და სხვ.), რომლებიც საკვერცხეების სტიმულაციასაც გულისხმობს, ეს მეთოდები საგრძნობლად ზრდის დაავადების აქტივობას. გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ბუნებრივი გზით დაორსულება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

-  დიდი მადლობა, ქალბატონო მაკა საინტერესო საუბრისთვის. რით დაასრულებდით ამ თემაზე საუბარს?

-  მინდა, მივმართო ამ დაავადების მქონე პაციენტებს: ნუ ჩაიქნევთ ხელს, დროულად დაიწყეთ მკურნალობა, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და იმუშავეთ ზომიერად, გამონახეთ დასვენების დრო, ებრძოლეთ უხალისობას და ნეგატიურ ემოციებს (მედიკამენტური და არამედიკამენტური მეთოდებით), უპირობოდ თქვით უარი თამბაქოზე, შეივსეთ D ვიტამინის დეფიციტი, ერიდეთ სიცხეს და მზის აბაზანებს, გამოიყენეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები და გახსოვდეთ, რომ თქვენი დაავადების დასამარცხებლად მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს.

თემები