Georgianenglishrussian

მზის ალერგია

2019.05.02

მზის ალერგია

რა არის მზის ალერგია?

მზის ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა მზის სინათლეზე. იმუნური სისტემა, მზეზე  ყოფნის შემდეგ გარუჯულ კანზე იწყებს ე.წ. იმუნური ანტისხეულების რეაგირებას, რაც გამოიხატება კანის შეწითლებით, შესივებით, კანის ზედაპირზე ნახეთქებით ან სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით. ალერგიის ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს მზეზე გასვლისას მომენტალურად ან მზეზე ყოფნიდან გარკვეული დროის შემდეგ (რამდენიმე დღის შემდეგაც კი).

რა ტიპის მზის ალერგიები არსებობს?

არსებობს რამდენიმე ტიპის მზის ალერგია, ესენია:

  • ფოტოალერგიული რეაქცია - როდესაც ალერგიას იწვევს კანზე არსებული ქიმიური ნივთიერების(მედიკამენტი, მზისგან დამცავი მალამო, კოსმეტიკური საშუალებები, სუნამოები) მზის სინათლესთან ურთიერთქმედება. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს 2-3 დღის შემდეგაც კი.
  • პოლიმორფული გამონაყარი მზის სინათლეზე მზის ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. ამ ტიპის ალერგიის ნიშნებია სიწითლე და ქავილი, ასევე შესაძლოა კანზე გაჩნდეს სითხით სავსე ბუშტუკები. ძირითადად ალერგია თავს იჩენს გაზაფხულზე, სიმპტომების გამოვლენა კი ხდება მზეზე ყოფნიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
  • მზის ურტიკარია ალერგიის იშვიათი ფორმაა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციების მაგვარ გამონაყარს. გამონაყარი ჩნდება მზეზე ყოფნიდან რამდენიმე წუთში და ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონებში გვხვდება. ალერგია შესაძლოა ძალიან მარტივად განვითარდეს ან გართულდეს და გადაიზარდოს ანაფილაქსიურ შოკში (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია).

რა სიმპტომები აქვს მზის ალერგიას?

  • პოლიმორფულ გამონაყარს მზის სინათლეზე და ფოტოალერგიულ რეაქციას ახასიათებს წვის შეგრძნება ან სიწითლე, ძლიერი ქავილი და სითხოვანი ბუშტუკები. გამონაყარი ჩნდება მზეზე ყოფნიდან დაახლოებით 2 საათში.
  • მზის ურტიკარიის შემთხვევაში ჭინჭრის ციების ნიშნების გამოვლენა ხდება რამდენიმე წუთში, დასაწყისში აქვს წვის და დასუსხვის შეგრძნება. სიწითლის გაქრობას ჭირდება რამდენიმე დღე ან შესაძლოა რამდენიმე კვირაც. ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიის შემდეგ შესაძლოა კანზე დარჩეს ლაქები.

მზის ალერგია ძირითადად გვხვდება გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. რაც უფრო იზრდება მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, კანი ეჩვევა მზის სინათლეს და ხშირ შემთხვევაში ალერგია ქრება.

სხეულის რა ნაწილზე ჩნდება ალერგია ყველაზე ხშირად?

მზის ალერგია შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, თუმცა ძირითადად სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც მზის სხივი ხშირად გვხვდება - ხელები, ფეხები და კისერი. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გაჩნდეს ტანსაცმლით დახურულ ადგილებშიც.

რა იწვევს მზის ალერგიას?

მზის ალერგიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არაა ცნობილი. ზოგიერთი ტიპის მზის ალერგია თანდაყოლილია, გარდა ამისა ზოგიერთ მედიკამენტს, როგორიცაა - ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური და ქიმიოთერაპიული პრეპარატები, კარდიოლოგიური და შარდმდენი საშუალებები, - შეუძლიათ გამოიწვიონ კანის მგრძნობელობის მომატება.

როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისგან?

თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლეზე ან მზის ალერგია, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე შუალედში
  • მზის ალერგიის სიმპტომების გამოვლენა ხშირ შემთხვევაში ხდება გაზაფხულზე ან ზაფხულში; თუმცა მზეზე ყოფნის ხანგრძლივობის ნელ-ნელა ზრდით კანის უჯრედები ეჩვევა მზის სინათლეს და შესაძლოა თავიდან აიცილოთ ალერგიის სიმპტომები.
  • მზისგან დასაცავად გამოიყენეთ სათვალე, ქუდი და გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რაც კანს დაიცავს მზის გამოსხივებისგან.
  • თავი აარიდეთ ისეთ ნივთიერებებთან (მედიკამენტები ან მცენარეები) კონტაქტს, რომლებიც იწვევენ თქვენს კანზე რეაქციას.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმ ალერგოლოგს თუ მზეზე გასვლის შემდეგ კანზე გამოგივლინდათ ზემოთ მოცემული სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში კანზე სამკურნალოდ შესაძლოა აუცილებელი გახდეს ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტიც.

თემები