Georgianenglishrussian

მკერდის პლასტიკა

2019.04.19

მკერდის პლასტიკა

მკერდის პლასტიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა ხდებოდა წინათ, რა შეუძლია პლასტიკურ ქირურგიას დღეს და რა ხდევა ამ მიმართულებით "ავერსის კლინიკაში"? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ავერსის კლინიკის" პლასტიკური ქირურგი თეიმურაზ გურჯიძე გვესაუბრება:

 

– ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შეეცვალათ ქალის მკერდის ფორმა და ზომა, რომ ის იდეალურს მიახლოებოდა. ცხადია, ამ მცდელობათა უმეტესობა წარუმატებელი იყო, მაგრამ ყველა იმ კრახმა თუ წარმატებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ. ძუძუს პლასტიკის საკითხზე აქტიური მუშაობა XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო. სწორედ ამ პერიოდშია აღწერილი პირველი ასეთი ოპერაცია, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა. პაციენტს ძუძუს დაზიანებული ქსოვილი ამოჰკვეთეს და მის ადგილას ბარძაყიდან აღებული ლიპომა გადაუნერგეს. შედეგი, ცხადია, ისეთი არ ყოფილა, როგორიც სურდათ, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით ამ ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეოცე საუკუნეში ძუძუს ქსოვილში პარაფინის შეყვანა დაიწყეს. შედეგები სავალალო აღმოჩნდა – ოპერაციის შემდეგ ჩნდებოდა ჩირქგროვები და ხვრელმილები. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა სილიკონი, თუმცა არა იმ ფორმით, რომელსაც დღეს ვიყენებთ. ეს იყო გელი და ისიც, პარაფინის მსგავსად, ინექციით შეჰყავდათ ძუძუს ქსოვილში. ამ პროცედურის შემდეგ სილიკონის გელი ხშირად მიგრირებდა რბილ ქსოვილებში და დროთა განმავლობაში ძუძუს განდაშორებულ უბანში გადაინაცვლებდა. დაჩირქება და ხვრელმილების ჩამოყალიბებაც არ იყო იშვიათი.

სილიკონის გამოყენების ახალი ეპოქა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ეს ნივთიერება სპეციალური გარსით დაიფარა. სილიკონის გარსები თავდაპირველად ისეთი დახვეწილი არ ყოფილა, როგორიც დღესაა, შესაბამისად, გართულებაც უფრო ხშირი იყო. მას შემდეგ, რაც სილიკონის იმპლანტი სილიკონისავე გარსით დაიფარა, გართულების სიხშირე 60-დან 20 პროცენტამდე შემცირდა. დღეს უკვე არსებობს სილიკონის იმპლანტები, რომლებიც მიკროპოლიურეთანით ან ტექტურირებული სილიკონითაა დაფარული, რასაც გართულების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.

ძუძუს პლასტიკის რა მეთოდები არსებობს?

– თუ პაციენტის პრობლემა მიკრომასტია ანუ პატარა მკერდია, მას ძუძუს გადიდების ოპერაცია – აუგმენტაციური მამოპლასტიკა – უტარდება. აუგმენტაციური მამოპლასტიკა ზოგჯერ პოსტლაქტაციური პტოზის – ძუძუთი კვების შემდეგ მკერდის დაწევის – დროსაც ტარდება.

მამოპლასტიკის სახესხვაობაა მასტოპექსია, რაც დაშვებული მკერდის აწევას ნიშნავს. მკერდი შესაძლოა დაეშვას როგორც ძუძუთი კვების, ისე ასაკობრივი ცვლილებების შედეგად. ზოგჯერ მასტოპექსიასთან ერთად საჭიროა აუგმენტაციური მამოპლასტიკის ჩატარებაც – ხდება ძუძუს როგორც აწევა, ისე ზომაში გაზრდა.

მკერდის პლასტიკის კიდევ ერთი სახეობაა რედუქციული მამოპლასტიკა – ძუძუს დაპატარავება. მიიჩნევა, რომ იდეალური ზომის ძუძუს მოცულობა 300 მლ-მდეა. თუ მოცულობა 300 მლ-ს აღემატება, მკერდი დიდი ზომისად მიიჩნევა.

არსებობს რეკონსტრუქციული მამოპლასტიკაც. ის ტარდება ძუძუს აღსადგენად ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ძუძუს კიბოს გამო) ჩატარებული მასტექტომიის შემდეგ.

 

აუგმენტაციური მამოპლასტიკა

– დღესდღეობით მკერდის გადიდების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია აუგმენტაცია სილიკონის იმპლანტებით და ლიპოფილინგი – მკერდის გადიდება საკუთარი ცხიმით.

ლიპოფილინგის დროს სხეულის ზოგიერთი უბნიდან ვიღებთ ცხიმოვან ქსოვილს და სარძევე ჯირკვლის არეში გადაგვაქვს. ამ ოპერაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. კარგია ის, რომ ვიყენებთ პაციენტისავე ქსოვილს და არა უცხო სხეულს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა გადატანილი ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილი გაიწოვოს, გაწოვა კი არათანაბრად მოხდეს – ცალ ძუძუში მეტად, ვიდრე მეორეში, რაც მკერდის ასიმეტრიას გამოიწვევს. გარდა ამისა, ცხიმოვანი ქსოვილის გადანერგვის დროს მოცულობა შეზღუდულია – ერთ ჯერზე შესაძლოა ვერ გადავიტანოთ იმდენი ცხიმოვანი ქსოვილი, რამდენიც პაციენტს სჭირდება და განმეორებითი ლიპოფილინგის ჩატარება მოგვიხდეს. აუგმენტაციური მამოპლასტიკის ამ სახეობას მხოლოდ პაციენტის დაჟინებული თხოვნით მივმართავთ, როცა ის სილიკონის იმპლანტების გამოყენების წინააღმდეგია, მაგრამ აუცილებლად ვაცნობებთ არასასურველი შედეგის ალბათობის შესახებ.

დღეს ოქროს სტანდარტად მიიჩნევა აუგმენტაციური მამოპლასტიკა სილიკონის იმპლანტებით. ამ დროს შედეგის პროგნოზირება მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენების დროს.

 

როგორ ვარჩევთ იმპლანტს?

– საბედნიეროდ, პლასტიკური ქირურგები განებივრებულები ვართ იმპლანტების მრავალფეროვნებით. ბაზარზე უამრავი ფირმაა, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა სახის, ფორმის, ხარისხისა და ზომის იმპლანტებს.

ფორმის მიხედვით არსებობს მრგვალი, ცრემლისებრი და ანატომიური იმპლანტები, ხოლო პროფილის მიხედვით – დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრამაღალი პროფილისა. მათი ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, მკერდს პაციენტისთვის სასურველი ფორმა მივცეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტის სწორად შერჩევას. ერთი და იმავე მოცულობის, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის იმპლანტი სხვადასხვა შედეგს იძლევა. თუ პაციენტს მაღალი მკერდი სურს, მაღალი პროფილის იმპლანტი უნდა შევურჩიოთ. სურვილთან ერთად, ბუნებრივია, პაციენტის აღნაგობასაც ვითვალისწინებთ.

 

სად უნდა ჩაიდგას იმპლანტი?

– იმპლანტის ჩადგმის სამი ვარიანტი არსებობს: უშუალოდ ძუძუს ქსოვილის ქვეშ, ფასციის ქვეშ (ფასცია ანატომიური სტრუქტურაა, რომელიც ჯირკვლოვან კომპონენტსა და კუნთს შორის მდებარეობს) და მკერდის დიდი კუნთის ქვეშ.

 

რომელი ვარიანტი ჯობს?

– ოქროს სტანდარტი არ არსებობს. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და ანამნეზისა და პაციენტის აღნაგობის მიხედვით შევარჩიოთ შესაბამისი იმპლანტი. მკვეთრი კონტურირება რომ არ მოხდეს და იმპლანტი შესამჩნევი არ იყოს, აუცილებელია ქსოვილებით მისი დაფარვა. მიკრომასტიის დროს, როცა ძუძუს ქსოვილი მცირე მოცულობისაა, იმპლანტის ჩადგმა მკერდის დიდი კუნთის ქვეშ ჯობს. ამ შემთხვევაში მის დასაფარავად ჯირკვლოვანი ქსოვილის ნაცვლად მკერდის დიდ კუნთს ვიყენებთ.

 

განაკვეთების შესახებ

– ძუძუს ქსოვილში იმპლანტის მოთავსება სხვადასხვანაირი განაკვეთიდან არის შესაძლებელი. ყველაზე გავრცელებულია ინფრამამარული ანუ მკერდის ქვედა ნაოჭში გაკეთებული განაკვეთი. ასევე ხშირად ვიყენებთ არეოლის ირგვლივ განაკვეთს. შესაძლებელია აქსილარული ანუ იღლიის წინა ხაზის განაკვეთისა და ჭიპის განაკვეთის გამოყენებაც, თუმცა მათ შედარებით იშვიათად მივმართავთ. თითოეულ განაკვეთს აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები.

თუ პაციენტი არ არის ნამშობიარევი და შვილის გაჩენას აპირებს, უმჯობესია, განაკვეთი ძუძუს ქვედა ნაოჭში გაკეთდეს. ამ დროს შესაძლებელია ოპერაციის ისე ჩატარება, რომ ძუძუს ქსოვილი არ დაზიანდეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტს, დიდი ალბათობით, არ შეექმნება ძუძუთი კვების პრობლემა. ინფრამამარული განაკვეთი 3,5-4 სმ სიგრძისაა და ოპერაციიდან რამდენიმე თვეში ფაქტობრივად შეუმჩნეველი ხდება. არეოლის ირგვლივი განაკვეთი უმეტესად იმ პაციენტებთან გამოიყენება, რომლებიც შვილის გაჩენას აღარ აპირებენ. განაკვეთის სიგრძე დაახლოვებით ისეთივეა, ნაწიბური კარგად იმალება არეოლის ქსოვილით და ფაქტობრივად შეუმჩნეველია, თუმცა შესაძლოა, ფიზიოლოგიური ლაქტაციის პროცესი გაართულოს.

 

ყველაფერი რეაბილიტაციის შესახებ

– კლინიკაში მოსული პაციენტი რამდენიმე ეტაპს გადის. პირველი აუცილებელი საფეხურია პლასტიკური ქირურგის კონსულტაციაა. ქირურგი სინჯავს პაციენტს, მასთან ერთად აანალიზებს მის სურვილებსა და მოსალოდნელ შედეგს, არჩევს იმპლანტს და ოპერაციის მეთოდს. თუ პაციენტს ასიმეტრიული სარძევე ჯირკვლები აქვს, სიმეტრიის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ზომის იმპლანტები. წინასაოპერაციო კვლევებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ინიშნება ოპერაცია. აუგმენტაციური მამოპლასტიკა საშუალოდ ერთი საათი გრძელდება. პაციენტი ოპერაციის დასრულებითანავე იღვიძებს. ის ჯერ ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაჰყავთ, რამდენიმე საათის შემდეგ კი ქირურგიულში. ოპერაციიდან დაახლოებით 24 საათში პაციენტი კლინიკიდან ეწერება.

ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილი არ შეინიშნება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები მისი კუპირებისთვის საკმარისია.

განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში საჭიროა სპეციალური პოსტოპერაციული თეთრეულის – კორსეტის გამოყენება  იმპლანტის ტიპის მიხედვით.

ოპერაციიდან 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რეაბილიტაცია ოპერაციიდან 6 თვეში სრულდება. სწორედ ამდენი ხნის შემდეგ ცხრება ბოლომდე შეშუპება და იღებს ძუძუ საბოლოო ფორმას. თუმცა შედეგი, ცხადია, ოპერაციის დასრულებისთანავე თვალსაჩინოა.

 

რა უნდა ვიცოდეთ მოსალოდნელი გართულებების შესახებ

– ისევე როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, აუგმენტაციურ მამოპლასტიკასაც ახლავს გართულების რისკი. გართულება ზოგადქირურგიულიც შეიძლება იყოს და იმპლანტთან ასოცირებულიც. ზოგადქირურგიული გართულებები, მაგალითად, დაჩირქება და სისხლდენა, ძალიან იშვიათია და ჩემს პრაქტიკაში ფაქტობრივად არ ყოფილა. იმპლანტთან ასოცირებული გართულებები უფრო ხშირად გვხვდება. ისინი ორი სახისაა: ადრეული და მოგვიანებითი. ადრეული გართულებებია იმპლანტის როტაცია, მიგრაცია, არასასურველ ადგილას გადანაცვლება. მოგვიანებითი გართულებებიდან ყველაზე გავრცელებულია კაფსულარული კონტრაქტურა.

კაფსულარული კონტრაქტურა შეიძლება განვითარდეს ოპერაციიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. მისი მიზეზია ორგანიზმის რეაქცია უცხო სხეულზე, რის გამოც იმპლანტის ირგვლივ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა წარმოიქმნება. განასხვავებენ კაფსულარული კონტრაქტურის ოთხ ხარისხს. პირველი და მეორე ხარისხის კონტრაქტურებს მკურნალობა ფაქტობრივად არ სჭირდება, რეკომენდებულია მხოლოდ ქირურგის მეთვალყურეობა, მესამე და მეოთხე ხარისხის კონტრაქტურების დროს კი თავს იჩენს ძუძუს დეფორმაცია და ტკივილი. ამ დროს საჭიროა ოპერაციული მკურნალობა – იმპლანტის ირგვლივ განვითარებული შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის ამოკვეთა, იმპლანტის ამოღება და შეცვლა სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული იმპლანტით. ასეთ დროს უმჯობესია მიკროპოლიურეთანის გარსით დაფარული იმპლანტის გამოყენება.

კაფსულარული კონტრაქტურის განვითარების ალბათობა 15-20 პროცენტია. უკანასკნელ ხანს დახვეწილი და მაღალი ხარისხის, განსაკუთრებით კი მიკროპოლიურეთანით დაფარული იმპლანტების გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა მისი სიხშირე.

 

ძუძუს ლიფტინგი

– მასტოპექსია, იგივე ძუძუს ლიფტინგი, ტარდება მაშინ, როცა პაციენტი უჩივის ძუძუს დაწევას – პტოზს. ზოგჯერ აწევასთან ერთად იმპლანტებით აუგმენტაციასაც ვატარებთ. ეს უკანასკნელი საჭიროა მაშინ, როცა ძუძუს ძირითად მოცულობას ქმნის კანი, ხოლო ჯირკლოვანი ქსოვილი განლეულია ან მინიმალური მოცულობისაა. ისეც ხდება, რომ ქალი ძუძუს გასადიდებლად მოგვმართავს, მაგრამ ლიფტინგიც სჭირდება ან პირიქით – ძუძუს აწევა უნდა, მაგრამ სჭირდება იმპლანტის ჩადგმაც.

ლიფტინგის დროს ჭარბ კანს ვკვეთთ, ხოლო მოცულობის შესავსებად ხშირად ვიყენებთ იმპლანტებს. მასტოპექსიის რამდენიმე სახეობა არსებობს. განსხვავებულია განაკვეთებიც. რაც უფრო მეტადაა დაწეული ძუძუ, მით უფრო დიდი განაკვეთი და რადიკალური ჩარევაა საჭირო. მასტოპექსიის სახეობას ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ვარჩევთ, ცხადია, მისივე სურვილის გათვალისწინებით.

ოპერაცია ჩვეულებრივ აუგმენტაციურ მამოპლასტიკაზე მეტხანს გრძელდება. მასტოპექსია საშუალოდ 2-3 საათს გასტანს. ოპერაციის ხანგრძლივობა გამოყენებულ მეთოდსა და სირთულეზეა დამოკიდებული. რეაბილიტაციის ვადა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აუგმენტაციური მამოპლასტიკის დროს.

 

რედუქციური მამოპლასტიკა

– ძუძუს დაპატარავების ოპერაცია, რედუქციური მამოპლასტიკა, მაშინ ტარდება, როცა ქალს აქვს დიდი და დაშვებული მკერდი, რომელსაც ერთსა და იმავე დროს დაპატარავებაც სჭირდება და აწევაც. ტექნიკურად ეს ოპერაცია შედარებით რთულია, შესაბამისად, მეტია მისი ხანგრძლივობაც.

თუ მკერდი მეტისმეტად დიდი ზომისა და ძლიერაა დაშვებული, მივმართავთ არეოლის თავისუფლად გადანერგვის მეთოდს: არეოლას მთლიანად ვკვეთთ და შესაბამის, ფიზიოლოგიურ ადგილზე გადავნერგავთ.

რედუქციული მამოპლასტიკა უმეტესად იმ ქალებს უტარდებათ, რომლებსაც შვილოსნობის პერიოდი გავლილი აქვთ და პრობლემას უქმნით დიდი დაწეული მკერდი. გარდა იმისა, რომ ასეთი მკერდი ესთეტიკურად არ არის სასიამოვნო, დიდი წონის გამო პაციენტს უჭირს მისი "ტარება", უჩივის ხერხემლის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას... ასე რომ, ოპერაციით არა მხოლოდ მკერდის შესახედაობას ვაუმჯობესებთ, არამედ ჯანმრთელობის პრობლემასაც ვაგვარებთ. ასეთი პაციენტები ძუძუს, წესისამებრ, 2-3 ზომამდე იპატარავებენ.

ძალიან იშვიათად მოგვამრთავენ ასეთი ოპერაციისთვის ახალგაზრდები. რედუქციული მამოპლასტიკის შემდეგ ძუძუთი კვებას ხეი ეშლება, რადგან ჩარევა უშუალოდ ძუძუს ქსოვილზე ხდება.

ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი გართულებების ჩამონათვალი ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს. სპეციფიკური გართულებებიდან საყურადღებოა ძუძუს კანის მგრძნობელობის შეცვლადა არეოლის ნეკროზი.

რეაბილიტაციის კუთხით შედარებით რთულია პირველი რამდენიმე დღე, ამიტომ პაციენტი კლინიკაში შედარებით მეტხანს ყოვნდება, ვიდრე აუგმენტაციური მამოპლასტიკისა და მასტოპექსიის შემდეგ – წესისამებრ, 3-4 დღე. გაწერის შემდეგ აუცილებელია რეჟიმის დაცვა და პლასტიკური ქირურგის მეთვალყურეობა. მდგომარეობის შესაფასებლად გეგმური ვიზიტი სასურველია ოპერაციიდან 1, 3, 6 თვისა და 1 წლის შემდეგ. საბოლოო შედეგი 6 თვეში ხდება თვალსაჩინო.

 

რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა – ძუძუს შექმნის ხელოვნება

– მოგეხსენებათ, რაოდენ აქტუალური პრობლემაა ძუძუს კიბო, განსაკუთრებით – საქართველოში. ამ დროს ძალიან ხშირად ხდება საჭირო მასტექტომია – ძუძუს მოკვეთა. ონკოლოგიური დიაგნოზის მძიმე ტვირთს მკერდის გარეშე ცხოვრებაც ემატება, რაც დამატებით ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშბს. ბევრმა პაციენტმა, სამწუხაროდ, არაფერი იცის პლასტიკური ქირურგიის დიდი შესაძლებლობის – რეკონსტრუქციული მამოპლასტიკის შესახებ. მოკვეთილი ძუძუს აღდგენის ოპერაციები ჩვენს ქვეყანაში ტარდება და პაციენტებს ემოციურ და სოციალურ რეაბილიტაციაში ეხმარება.

ძუძუს რეკონსტრუქციის რამდენიმე საშუალება არსებობს: პროთეზირება, აღდგენა იმპლანტის გამოყენებით და აღდგენა საკუთარი ქსოვილით.

პროთეზირებისთვის გამოიყენება ძუძუს ფორმის გარეგანი პროთეზი. ის სხეულზე სპეციალური თეთრეულით მაგრდება. პროთეზი ძუძუს რეკონსტრუქციის ყველაზე მარტივი, მაგრამ არასრულფასოვანი მეთოდია. ის ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას – ვერ უცვლის ქალს საკუთარ მკერდს.

რეკონსტრუქციული მამოპლასტიკის ჩატარება შესაძლებელია ძირითად ოპერაციასთან ერთად, თუ სიმსივნური პროცესი ამის საშუალებას იძლევა, ან მოგვიანებით, ქიმიო– და სხივური თერაპიის შემდეგ. ერთ მომენტად ჩატარდება თუ არა ოპერაცია, ონკოლოგის გადაწყვეტილებასა და პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული.

იმპლანტს რეკონსტრუქციისთვის მაშინ ვიყენებთ, როცა ძუძუს ქსოვილი მთლიანად არ არის მოკვეთილი ან ჩატარებულია კანქვეშა მასტექტომია და პაციენტი წინასწარ არის მომზადებული რეკონსტრუქციისთვის. ამ დროს მკერდის დიდი კუნთის ქვეშ ვდგამთ დროებით ექსპანდერს, რომელშიც პერიოდულად ვამატებთ სითხეს, რათა ძუძუს ქსოვილი გაიბეროს, მოცულობა მოემატოს. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა იმპლანტის ჩასასმელი ჯიბე მზადაა, ექსპანდერი მუდმივი იმპლანტით იცვლება.

 

საკუთარი ქსოვილის გამოყენება

– მეორე მეთოდია, როგორ მოგახსენეთ, ძუძუს რეკონსტრუქცია საკუთარი ქსოვილით. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა: ლიპოფილინგი ანუ ცხიმის გადატანა, რეკონსტრუქცია კუნთოვანი როტირებული ნაფლეთებით და რეკონსტრუქცია თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთით.

როცა კანქვეშა მასტექტომიაა ჩატარებული და პაციენტს შენაჩუნებული აქვს ძუძუს კანი, მუცლის წინა კედლიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან ვიღებთ ცხიმოვან ქსოვილს და სპეციალური დამუშავების შემდეგ საფეხურებრივად, რამდენიმე ოპერაციის განმავლობაში, ვავსებთ ძუძუს ქსოვილს.

საკუთარი ქსოვილებით ძუძუს რეკონსტრუქციის მეორე ვარიანტია როტირებული ნაფლეთის გამოყენება. ყველაზე ხშირად ვიყენებთ ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუნთს – ზურგის უგანიერეს კუნთს. მისი ბოჭკოებით გარკვეულწილად შესაძლებელია ძუძუს მოცულობის შექმნა, თუმცა ხშირად ეს არ კმარა სასურველი შედეგის მისაღებად. ამ შემთხვევაში სილიკონის იმპლანტსაც ვიყენებთ: როტირებული კუნთის ქვეშ ჯერ დროებით ექსპანდერს ვათავსებთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი მას მუდმივი სილიკონის იმპლანტით ვცვლით. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ ზურგის არეში რჩება ნაწიბური და მცირედი ასიმეტრია. ზურგის უგანიერესი კუნთის როტაცია და სილიკონის იმპლანტის ჩადგმა ერთდროულადაც შესაძლებელია, თუმცა სარისკოა და ყველა კლინიკურ შემთხვევაში ვერ ხერხდება.

 

ინოვაციური მეთოდი

– ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია ძუძუს რეკონსტრუქციისთვის რუტინულად იყენებენ ახალ მეთოდს – რეკონსტრუქციას თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთებით (DIEP). მიუხედავად იმისა, რომ მასტექტომიის შემდეგ სარძევე ჯირკვალი მთლიანად იკარგება, შესაძლებელია მისი ფორმისა და სტრუქტურის იმგვარად აღდგენა, რომ ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბუნებრივ მკერდს. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მიკროქირურგიის განვითარებამ უფრო სრულყოფილი ოპერაციების ჩატარების საშუალება მოგვცა. დღესდღეობით DIEP ნაფლეთი ძუძუს რეკონსტრუქციულ ქირურგიაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

DIEP ნაფლეთით ძუძუს რეკონსტრუქციის დროს გამოიყენება კარგად სისხლმომარაგებადი საკუთარი კანი და მუცლის წინა კედლიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილი. ნაფლეთის აღების ზონა სავსებით შეესაბამება აბდომინოპლასტიკის ზონას და ქირურგებს საშუალებას გვაძლევს, ისე ავიღოთ ნებისმიერი ზომისა და მოცულობის ქსოვილი, რომ მუცლის პრესის კუნთების მთლიანობა არ დაირღვეს. ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ პოსტოპერაციული ნაწიბური თავისუფლად იფარება ბიკინით. DIEP ნაფლეთის გადანერგვა გულმკერდის მიდამოში მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით ხდება, რომელიც მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას, საოპერაციო მიკროსკოპს და ქირურგის ოსტატობას, თუმცა შედეგი გაცილებით უკეთესია.

თავისუფალი მიკროქირურგიული ნაფლეთით ძუძუს რეკონსტრუქცია სხვა მეთოდებზე რთულია. ამის კვალობაზე, ოპერაციის ხანგრძლივობაც მეტია – დაახლოებით 5-6 საათი. სამაგიეროდ, როგორც ითქვა, გაცილებით უკეთესია მის შორეული შედეგი – ვიღებთ ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ მკერდს. გარდა ამისა, ამ დროს არ ვიყენებთ იმპლანტს, შესაბამისად, არც მასთან ასოცირებულ გართულებებს უნდა ველოდეთ.

როდესაც ჯანმრთელი ძუძუ დაწეულია, უკეთესი ესთეტიკური შედეგის მისაღებად მასზე შესაძლებელია მაკორეგირებელი ოპერაციის – მასტოპექსიის ან რედუქციული მამოპლასტიკის ჩატარება.

ძუძუს რეკონსტრუქციის მეორე ეტაპია დვრილის შექმნა. დვრილს ოპერაციულად იმავე, გადანერგილი ქსოვილისგან ვქმნით. ეს შედარებით მცირე მოცულობის ოპერაციაა და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. არეოლის პიგმენტაციისთვის კი საუკეთესო საშუალება ტატუაჟია. ტატუს ხელოვნების დახვეწის შედეგად ტატუაჟით მიღებული არეოლის ნამდვილისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქართველი პაციენტებისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ თავისუფალი ნაფლეთის გამოყენებით ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები უკვე ჩვენთანაც ტარდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან სპეციალისტებთან. ისინი ხშირად ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში და ერთობლივ ოპერაციებს ვატარებთ. იმის ცოდნა, რომ ძუძუს სრულფასოვანი აღდგენა შესაძლებელია, ვფიქრობ, ონკოლოგიურ პაციენტებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას.

თემები