Georgianenglishrussian

შეგაწუხათ უსიამოვნო სუნმა პირის ღრუში?

2019.03.27

შეგაწუხათ უსიამოვნო სუნმა პირის ღრუში?

პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს და ხშირ შემთხვევებში დაბალი თვითშეფასების მიზეზიც ხდება. პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გასაქრობად არაერთი საშუალება არსებობს, როგორებიცაა - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.

არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა მიზეზი განაპირობებს დაავადების პროვოცირებას. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში შესაძლოა იყოს ჰიგიენის წესების არასწორად დაცვით გამოწვეული; ამ  დროს პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კბილების ხშირად ხეხვით, სპეციალური კბილის საწმენდი ძაფის გამოყენებით და დიდი რაოდენობით წყლის დალევით. თუმცა თუ პირის ღრუს პრობლემა ამ შემთხვევაშიც არ მოგვარდება უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს.

გამომწვევი მიზეზები

პირის ღრუს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს

  • საკვები ნარჩენების კბილებს შორის დატოვება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და შედეგად წარმოქმნის არასასიამოვნო სუნს. ასევე გარკვეული საკვების მიღება, როგორიცაა - ხახვი, ნიორი და სანელებლები.
  • თამბაქო - იწვევს პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს, გარდა ამისა მეტია ღრძილების დაავადების ალბათობა, რაც თავის მხრივ აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზია.
  • პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა - კბილების ყოველდღე გახეხვა და სპეციალური კბილების საწმენდი ძაფით წმენდა აუცილებელია საკვები ნარჩენებისგან სათანადოდ გასაწმენდად, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის გარშემო ხდება ნადების ფორმირება, რომელიც აზიანებს ღრძილებს.
  • პირის სიმშრალე - ნერწყვი პირის ღრუში ასრულებს დეზინფექტორის როლს, აშორებს არასასიამოვნო სუნსა და ნაწილაკებს;
  • პირის ღრუს ინფექციები - არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებული ჭრილობებით
  • კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და სანაღვლე გზების დაავადებები, როგორიცაა - გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადებები და ა.შ.
  • ყელ ყურ ცხვირის სხვა პრობლემები - ინფექციები და ქრონიკული ანთებითი პროცესები ცხვირში, სინუსებსა და ყელში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩანადენი პირში და ასევე არასასიამოვნო სუნი.
  • სხვა მიზეზები - ზოგიერთი სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები შესაძლოა გახდეს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი, რადგან აღნიშნული დაავადებების გამო ხდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნა ორგანიზმში, ასევე კუჭში მჟავიანობის მომატება.

პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს ხშირ შემთხვევაში ჰიგიენის წესების არასწორად დაცვის გარდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა იწვევს. ამიტომ ჰალითოზთან საბრძოლველად აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.

თემები