Georgianenglishrussian

ბავშვის ბუნებრივი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

2019.01.10

ბავშვის ბუნებრივი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბავშვის ბუნებრივ კვებას ბევრი უპირატესობის გარდა არაერთი სირთულეც ახლავს თან. ბევრი ქალისთვის ძუძუთი კვება ძალიან რთული პროცესია, განსაკუთრებით მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.  დედის რძეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან შეიცავს ჩვილისთვის საჭირო ყველა საკვებ დანამატს. ხსენი და დედის რძე აგრეთვე მდიდარია ანტისხეულებით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის განვითარებას.

ბავშვის ბუნებრივი კვება ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებასაც და  ამცირებს არაერთი დაავადების განვითარების რისკს, როგორებიცაა

  • მანეკროზებელი ენტეროკოლიტი, ძალიან საშიში მუცლის დაავადება, რომელიც ჩვილებშია გავრცელებული;
  • ყურის ინფექციები;
  • გაციება და რესპირატორული (აირ წვეთოვანი გზით გადამდები) ინფექციები;
  • ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი;
  • დიარეა და გულისრევა;
  • ეგზემა.

ბავშვის ბუნებრივი კვების უპირატესობები დედებისთვის:

ქალბატონების უმრავლესობას, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, უვითარდებათ ლაქტაციური ამენორეა, რაც გულისხმობს ბავშვის ბუნებრივი კვების განმავლობაში მენსტრუაციის დროებით შეწყვეტას. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტი იყოს იმ დედებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ მორიგ ორსულობას მშობიარობიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქალებს, რომლებიც შვილს არ კვებავენ ბუნებრივი გზით, უვითარდებათ პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია.

ბავშვის ბუნებრივად კვება, გრძელვადიან პერიოდზე, ამცირებს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკებს:

  • ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • გარკვეული ტიპის სიმსივნეები, მათ შორის ლეიკემია ბავშვებში;
  • გულის დაავადებები;
  • სიმსუქნე;
  • აუმჯობესებს კოგნიტური და ინტელექტუალური განვითარების პროცესებს.

დედებისთვის ბუნებრივი კვება ამცირებს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკს:

  • ზოგიერთი ტიპის სიმსივნე, მათ შორის მკერდის;
  • სიმსუქნე;
  • ტიპი 2 დიაბეტი.

ბავშვის ბუნებრივი კვების უარყოფითი მხარეები

ბუნებრივი კვების პირველი რამდენიმე კვირა ხშირად ყველაზე რთულია. ზოგიერთ ქალბატონს აქვს ძალიან ბევრი ან პირიქით, მცირე რძე, მკერდის ტკივილი, ასევე შესაძლოა განვითარდეს მასტიტი (მკერდის რთული ინფექცია).

დედისთვის სირთულეს წარმოადგენს შვილისთვის ცხოვრების რიტმის აწყობა. ძილის არასწორი რეჟიმი და ბავშვისთვის მუდმივი ყურადღება, რაც თავის მხრივ იწვევს გადაღლილობას.

ბევრი ქალბატონი მშობიარობის შემდეგ რეაბილიტაციას საჭიროებს, ძუძუთი კვება კი დამატებით სირთულეს ქმნის მათი მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ დედაა, ამიტომ თუ ბუნებრივი კვება დედისგან დიდ ენერგიას მოითხოვს, ეს არ უნდა გახდეს სტრესის ქვეშ ყოფნის წინაპირობა, ვინაიდან სტრესში მყოფი დედის მდგომარეობა თავად ჩვილზეც უარყოფითად აისახება.

თემები