Georgianenglishrussian

როგორ დავიცვათ თავი გაციებისა და გრიპისგან?

2019.01.03

როგორ დავიცვათ თავი გაციებისა და გრიპისგან?

გრიპისა და გაციების სიმპტომები ძალიან გავს ერთმანეთს, რის გამოც პაციენტების უმრავლესობას უჭირს მათი ერთმანეთისგან განსხვავება. ორივე მათგანს აუცილებლად ესაჭიროება სათანადო ყურადღება და დროული მკურნალობა, რადგან შესაძლოა გამოიწვიონ პაციენტის ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები.

გრიპის გავრცელების აქტიური სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება, გაციების სეზონი კი ძირითადად ზამთარია. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რჩევებს თუ როგორ შევამციროთ გრიპისა და გაციების რისკები:

ხშირად დაიბანეთ ხელები - ბაქტერიებისგან თავის არიდების უპირველესი საშუალება ხელების დაბანაა. ხელების სათანადოდ დასაბანად აუცილებელია გამოიყენოთ საპონი და თბილი წყალი. ხელებზე საპონი შეიზილეთ 20 წამის განმავლობაში და ჩამოიბანეთ სუფთა გამდინარე წყლით, გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით, ხოლო ონკანის დასაკეტად გამოიყენეთ ახალი ხელსახოცი.

გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება - თუკი ხელის დაბანის შესაძლებლობა არ გაქვთ გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება. შეიზილეთ სითხე ხელებზე და დაელოდეთ გაშრობას.

ცემინების და ხველის დროს პირსა და ცხვირზე მიიფარეთ ხელი - ცემინების და ხველის დროს ცხვირისა და პირის დასაფარად გამოიყენეთ ხელსახოცი და შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.

ეცადეთ არ შეეხოთ სახეს - სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ თავი აარიდოთ სახეზე ხელით შეხებას - განსაკუთრებით თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოებში. ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება ისეთ ადგილებში საიდანაც მარტივია მათი ორგანიზმში შეღწევა.

გაიკეთეთ გრიპის აცრა - თუკი თქვენი ოჯახის ექიმი გირჩევთ, გაიკეთეთ გრიპის აცრა! ყოველწლიური გრიპის აცრა საუკეთესო საშუალებაა გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი იმუნური სისტემა დაქვეითებულია.

მიიღეთ ჯანმრთელი საკვები და ბევრი სითხე - იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მიიღეთ სწორად დაბალანსებული საკვები. სასურველია მულტივიტამინების მიღებაც, მაგრამ  - ხილით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ცილებით დაბალანსებული კვება ახდენს ორგანიზმის მომარაგებას ყველა იმ საჭირო ნივთიერებით, რომელიც ხელს უწყობს დაავადებასთან ბრძოლას. აგრეთვე, აუცილებელია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით წყალი.

დაისვენეთ სათანადოდ - დაღლილობა და უძილობა ამცირებს შრომისუნარიანობას და ასევე გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ადამიანისთვის აუცილებელია ღამით 6-8 საათი ძილი.

უმჯობესია არ გახვიდეთ სახლიდან - გაციების დროს რეკომენდებულია დარჩეთ სახლში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი გარშემომყოფებთან.

ივარჯიშეთ - ვარჯიში აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.

გახსოვდეთ, ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები, მხოლოდ ამცირებს დაავადების რისკებს და სრულებით ვერ აღმოფხვრის მათ. თუკი გაქვთ გაციებისა ან გრიპის სიმპტომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში აუცილებელია მიმართოთ ოჯახის ექიმს.

თემები