Georgianenglishrussian

რატომ არის ყურში ხმაურის შეგრძნება ცუდი ნიშანი?

2018.12.04

რატომ არის ყურში ხმაურის შეგრძნება ცუდი ნიშანი?

თანამედროვე ეპოქაში ტექნიკის განვითარებამ რადიკალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრებისა და გართობის წესი.  გაიზარდა ხმაურის დონე გარემოში და შესაბამისად იმატა სმენასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ხმაურიან ღონისძიებებს, ბარებსა და ღამის კლუბებს.

ხმაურიან გარემოში დიდხანს ყოფნის შემდეგ შესაძლოა შეუწუხებიხართ ყურში ხმაურს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სმენა გიბრუნდებათ და პრობლემასაც ივიწყებთ; თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის, ყურში ხმაურის შეგრძნება შესაძლოა სმენის დაზიანების ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, დაიცვათ ყური ძლიერი ხმაურისგან, რითიც თავიდან აიცილებთ სმენის ნაადრევ დაქვეითებას.

სმენის დაქვეითების რისკები:

ხმაურიან გარემოში ყოფნის შემდეგ სმენის დროებითი გაუარესება სმენის გადაღლის ნიშანია. გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა სმენა აღდგეს და ვიფიქროთ, რომ ყურში ხმაური დროებითი პრობლემა იყო, მაგრამ რეალურად ეს სმენის დაზიანებაზე მიგვანიშნებს. დაზიანება იწვევს ბგერის აღქმის გართულებას, განსაკუთრებით ხმაურიან ადგილებში და მისი აღმოჩენა შესაძლოა ვერ მოხდეს სმენის შესამოწმებელი ტესტითაც.

ხმაურიან გარემოში ყოფნა დროთა განმავლობაში ზრდის სმენის დაზიანების ხარისხს. კონცერტები, ყურსასმენები, მოტოციკლები, ცეცხლსასროლი იარაღის ხმა - ყოველივე ამან შესაძლოა სმენის დაკარგვამდეც მიგვიყვანოს.

როგორც ცნობილია,ასაკის მატებასთან ერთად, სმენა ქვეითდება, თუმცა აღნიშნულ პროცესს აჩქარებს ძლიერი ხმაური, რომლის თავიდან არიდებაც მარტივადაა შესაძლებელი.

როდის არის რეკომენდებული ყურის დამცავის გამოყენება?

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხმაურის დონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალია, რეკომენდებულია ყურის დამცავების გამოყენება.

როდესაც გარშემომყოფებთან საუბრისას გიწევთ ხმის ტონის აწევა, რადგან სხვაგვარად თქვენი ხმა არ ისმის, ნიშნავს რომ იმყოფებით სმენის დაზიანების საფრთხის შემცველ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ თუ მსგავს ადგილას დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ ყოფნა.

სმენისათვის უსაფრთხო დონედ მიიჩნევა საშუალოდ 85 დბ ერთეული ხმის სიმძლავრე. როკ კონცერტებზე კი ხმის სიმძლავრე 100 დბ ან მეტია, რომლის მოსმენაც ჯანმრთელ ყურს მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეუძლია. მსგავს გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნისას აუცილებელია ყურის დამცავის გამოყენება.

როგორ დავიცვათ ყურები ძლიერი ხმაურისგან:

არსებობს ორი ტიპის ყურის დამცავი:ხმის დამხშობები და ყურის დამცავი საცობები.

  • ხმის დამხშობები შექმნილია სმენის დასაცავად და მისი მორგება მარტივია. ხმის დამხშობები მზადდება ქაფისგან და აქვს ხმის დაბლოკვის ფუნქცია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ხმის რეგულაცია და გაზომვა თუ რამდენად კარგად გვიცავს აღჭურვილობა გარეშე ხმაურისგან.
  • ხმის დამცავი საცობები მსუბუქია და გამოსაყენებლად მარტივი, უკეთესად ერგება ყურს ვიდრე ხმის დამხშობები. მას იყენებენ ქარხნებში, სამშენებლო სამუშაოებზე და აეროპორტებში.

დღეისათვის თქვენს სმენას არაერთი გარემოება აყენებს საფრთხის ქვეშ, ამიტომ უმჯობესია გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

თემები