Georgianenglishrussian

ევროპელობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნიშნავს

2018.06.15

ევროპელობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნიშნავს

ევროპული კულტურა სულ უფრო ახლობელი და მისაღები ხდება ჩვენთვის, ხოლო ევროპაში უვიზო მიმოსვლამ ჩვენს შორის არსებული ისედაც თხელი საზღვარი მთლად შეუმჩნეველი გახადა. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები ძირითადად ცხოვრების გარეგნულ, უმნიშვნელო საკითხებს შეეხო, ხოლო ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და ევროპული ცხოვრების სტილის მრავალი ნორმა ჩვენთვის კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. სწორედ ერთ ასეთ გამონაკლისზე უნდა ვისაუბროთ.

ისეთ მნიშვნელოვან და ევროპელისთვის თავისთავად ნათელ საკითხში, როგორიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ქართული არხეინობა ყოველთვის განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდებოდა და ევროპელებისგან განსხვავებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენში მხოლოდ მას მერე იწყებდნენ, რაც დაავადება უკვე ძალიან შემაწუხებელ და უაღრესად საშიშ  პრობლემებს ქმნიდა.

ადრე ამგვარ ვითარებას რაღაც გამართლება ჰქონდა, რადგანაც ჯანმრთელობის მრავალრიცხოვანი პარამეტრების ერთდროული კონტროლი საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული: ექიმი რომ ქალაქის ერთ ბოლოში დაგინიშნავდა გამოკვლევას, კარგი ლაბორატორია ქალაქის მეორე ბოლოში უნდა გეძებნა, ხოლო ექოსკოპიას რომ ერთგან გაიკეთებდი, კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის სულ სხვა ადგილას უნდა დაგეკავებინა რიგი. სად იყო ისეთი ცენტრები, ერთ ჩამოვლაზე რომ გაგსინჯავდა ყველა სპეციალისტი, ყველა საჭირო ანალიზსაც რომ ერთ ლაბორატორიაში გაიკეთებდი და უახლესი აპარატურაც რომ გვერდიგვერდ ოთახებში იქნებოდა განლაგებული.

ამ მხრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღეს გაცილებით იოლია. თბილისში ერთი ისეთი ადგილი არსებობს, სადაც მსურველებს ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების სრულყოფილ პროგრამას სთავაზობენ. აქ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენით მნიშვნელოვნად ამცირებენ გართულებების რისკს, ხოლო გამოჯანმრთელების შანსს კი - მრავალჯერ ზრდიან.

ეს ადგილი ავერსის კლინიკაა. სწორედ მას მიმართავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანები ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების პროგრამაში ჩასართავად.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროგრამაზე სასაუბროდ, მისი დეტალების გასაცნობად და მოსახურების პირობების გასაგებად ავერსის კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ დიმიტრი ჯორბენაძეს ვეწვიეთ.

 

- ბატონო დიმიტრი, რატომაა მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და რატომ სარგებლობენ ეს პროგრამები ასეთი პოპულარობით მთელ მსოფლიოში?

- მოგეხსენებათ, ადამიანის საარსებო გარემო ამ ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, და ეს ცვლილება, სამწუხაროდ, უმთავრესად ნეგატიური ხასიათისაა. ცხოვრების ტემპი წარმოუდგენლად დაჩქარდა, საკვების უსაფრთხოება მკვეთრად შემცირდა, ადამიანი უამრავი ყოფითი და მენტალური პრობლემითაა გარშემორტყმული და მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება. ცხადია, ყოველივე ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და მკვეთრად ზრდის პათოლოგიის განვითარების რისკს. ეს საკითხი კარგად აქვს გაცნობიერებული თანამედროვე საზოგადოებას და სწორედ ამიტომ უთმობს იგი საკუთარი ჯანმრთელობის დაცვას სულ უფრო მეტ დროსა და რესურსებს. თუმცა, საბედნიეროდ, არც მედიცინა დგას ერთ ადგილას და მისი მიღწევებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. როგორც მოგეხსენებათ, სულ უფრო იზრდება იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სახელწოდებაც სულ ცოტა ხნის წინ განაჩენის ტოლფასი იყო, დღეს კი დიდი წარმატებით იკურნება. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ  მკურნალობის შედეგი ცალსახადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოსტიკაზე და, შესაბამისად, დაავადების დროულ აღმოჩენაზე, ჯანმრთელობის სისტემატური კონტროლის აუცილებლობა სავსებით ნათელი გახდება. ასე ფიქრობს ევროპის მოსახლეობა, სწორედ ამის გამო ახორციელებს იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას და ამგვარი ტიპის პროგრამებიც სულ უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ხდება. ისინი ჩექ-აფ პროგრამების სახელით (check up) არიან ცნობილი მთელს მსოფლიოში.

უნდა ითქვას, რომ კეთილდღეობის ზრდის კვალდაკვალ ჩვენშიც იზრდება ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლის მიმართ და ამაზე ავერსის კლინიკის ჯანმრთელობის ჩექ-აფ პროგრამის წარმატებულობაც ნათლად მეტყველებს. სულ უფრო მატულობს პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა, ხოლო ჩექ-აფის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების ნუსხა და ეფექტური მკურნალობის შემთხვევების სია ყოველდღიურად იზრდება.

 

-  რას გულისხმობს ავერსის კლინკის მიერ შეთავაზებული პროგრამა?

- ავერსის კლინიკა ჩექ-აფის ფარგლებში მოსახლეობას კომპლექსურად სთავაზობს საექიმო კონსულტაციების ფართო სპექტრს, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიული კვლევების ვრცელ ჩამონათვალს. პროგრამა კლინიკის ყველა სიმძლავრეს მოიცავს და მასში ავერსის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად ლაბორატორიის სრული შემადგენლობაცაა ჩართული.

 

- რომელი სპეციალისტების კონსულტაცია იგულისხმება სრულყოფილ პერიოდულ შემოწმებაში?

- გამოსაკვლევ პირს შეუძლია მიიღოს ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ოფტალმოლოგიური სამსახურის სპეციალისტი მისი მხედველობის სიმახვილეს შეამოწმებს და  თვალის ტონომეტრიას ჩაუტარებს (გაუზომავს თვალშიდა წნევას). გარდა ამისა, მანდილოსნებს კონსულტაციას გაუწევს გინეკოლოგი.

 

- რა მოცულობის ლაბორატორიული კვლევები ტარდება ჩექ-აფის ფარგლებში?

- პროგრამის ფარგლებში კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე, სისხლის ლიპიდური სპექტრი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარებობის შეფასების ტესტები, ჰეპატიტის სკრინინგი, ონკომარკერების კვლევა და კიდევ მრავალი სხვა ანალიზი. ლაბორატორიული კვლევების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზეც იხილოთ და უშუალოდ კლინიკაშიც დააზუსტოთ. გარწმუნებთ, იგი საკმაოდ ვრცელია და სრული.

 

- რომელი ინსტრუმენტული კვლევები შედის პროგრამაში?

- პაციენტებს უტარდებათ ელექტროკარდიოგრაფია (მათ შორის გარკვეულ პაკეტებში - დატვირთვის ტესტი ტრედმილით), გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. მანდილოსნებს ამავდროულად უტარდებათ ორმხრივი მამოგრაფიაც. აქვე ვიტყვი, რომ ჩექ-აფში შეიძლება სხეულის სრული მრტ კვლევაც იყოს ჩართული.

 

- თქვენ კვლევის პაკეტი ახსენეთ. რა იგულისხმება პაკეტში? კვლევების სხვადასხვა მოცულობა?

- დიახ. ავერსის კლინიკა მსურველებს ასაკისა და სქესის გათვალისწინებით თავაზობს ჩექ-აფის ღონისძიებებს სხვადასხვა მოცულობის პაკეტის სახით, და ასეთი პაკეტები ოთხი ტიპისაა - ბაზისური, სტანდარტული, სტანდარტული გაფართოებული და სრული. ისეთი უმნიშვნელოვანესი კვლევები, როგორიცაა სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფია და ა.შ., ყველა პაკეტში შედის. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ამ შემოთავაზებების შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე შეიტყოთ ან ავერსის კლინიკაში ვიზიტის დროს დააზუსტოთ.  ცხადია, სხვადასხვა პაკეტის ფასიც განსხვავებულია.

აქვე დავამატებ, რომ აღნიშნული პაკეტების მიხედვით განსხვავებების გარდა, ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების პროგრამა ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი - სხეულის სრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით და ამგვარი კვლევის გარეშე.

 

- რადგანაც კვლევების ფასს შევეხეთ, როგორია ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების პროგრამის ღირებულება?

- როგორც მოგახსენეთ, კვლევა ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და, შესაბამისად, სხვადასხვა შემთხვევებში ფასიც სხვადასხვაა. მისი დიაპაზონი საკმაოდ დიდ შუალედში იცვლება - 300-დან 1500 ლარამდე. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფასები ამჟამად მოქმედი ფასდაკლებების სისტემის გათვალისწინებითაა მოყვანილი და პაკეტების მიხედვით 70-დან 300 ლარამდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

 

- რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროს ადამიანმა ამგვარი კვლევა?

- განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჩექ-აფი ფართოდაა აპრობირებული, აღიარებული და საკმაოდ შედეგიანიც, მას წელიწადში ერთხელ მაინც იტარებენ. ეს სარწმუნოდ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც და ცხოვრების ხარისხსაც - დაავადების ადრეული აღმოჩენის შემდეგ ჩატარებული დროული მკურნალობა ხომ ყოველთვის უფრო უფრო ადვილი, ნაკლებად საშიში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო იაფია.

მართალია, ქართველები კვლავ ბევრს ვეწევით, ცოტას ვმოძრაობთ და არც კვების ნორმებს ვიცავთ მაინცდამაინც, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საშიში მრავალი რისკ-ფაქტორის პირისპირ დარჩენილი ჩვენი მოქალაქე უკვე აღარაა ძველებურად დაუცველი - მას ხომ პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებაზე, ჯანმრთელობის პერიოდულ შემოწმების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე, ჩექ-აფზე მიუწვდება ხელი.

და რაოდენ სასიხარულოა, რომ ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების სურვილი სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიხატება ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონკრეტულ აქტივობებში. მართალია, ნამდვილ ევროპაზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე დახარჯული დროისა და რესურსების მუდმივი ზრდა უდავოდ მიანიშნებს ამ მიმართულებით არსებულ დიდ ინტერესზე. კარგია, რომ ევროპისკენ სწრაფვა ცხოვრების სწორედ ამ სფეროში ვლინდება განსაკუთრებული ინტენსივობით.

ვროპელობა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევებსაც გულისხმობს, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული კონტროლი ამ ჩვევებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ქვეყნის მომავალი ხომ მოწესრიგებულმა და ჯანმრთელმა ადამიანებმა უნდა შექმნან.

 

- დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი.

- ჯანმრთელობას გისურვებთ.

თემები