Georgianenglishrussian

საფენის დერმატიტი

2015.03.06

საფენის დერმატიტი

საფენქვეშა არეში კანის გაწითლება და გამონაყარი შენიშნეთ? ეს საფენის დერმატიტი ანუ გამოყელვაა. განავალი და შარდი, რომელიც დიდხანს ეხება პატარას ნაზ კანს, აღიზიანებს მას, მიკრობები, მათ შორის სოკოები, კი ხელს უწყობენ კანის დაზიანებას. შედეგი კანის გაღიზიანება, გამონაყარი და ტკივილია. ზოგჯერ ამ მოვლენას საფენის შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგია იწვევს.

,,ავერსის კლინიკის'' პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქალბატონი თამარ ობგაიძე გირჩევთ თუ როგორ უნდა აიცილოთ ეს უსიამოვნო მოვლენები თავიდან.

გახსოვდეთ, რომ მთავარი პრინციპი სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნებაა. 
• როცა საფენს ყიდულობთ, აარჩიეთ ისეთი, რომელიც უკეთ იწოვს სისველეს. თანამედროვე საფენის მახასიათებელებია შეწოვის მაღალი უნარი, სითხელე, კომფორტულობა, ჰიპოალერგიულობა.
• ხშირად გამოუცვალეთ ბავშვს საფენი, რათა თავიდან აიცილოთ კანთან შარდისა და განავლის ხანგრძლივი შეხება.
• საფენი კარგად მორგებული უნდა იყოს ხახუნის თავიდან ასაცილებლად, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს.
• შორისის მიდამო აუცილებლად ჩაბანეთ თბილი წყლითა და საბავშვო დასაბანი საშუალებით, კარგად გაამშრალეთ და მცირე ხნით ჰაერზეც დააყოვნეთ. ეცადეთ კანის ნაოჭებში წყლის წვეთები არ დარჩეს. 
• თუ კანს სველი ხელსახოცით გაწმენდთ, შეარჩიეთ ისეთი, რომელიც არ შეიცავს სპირტს და დამზადებულია ჰიპოალერგიული ქსოვილისაგან.
• თუ პატარას საფენის დერმატიტი აქვს, კანზე წასასმელად მხოლოდ საფენქვეშა არესათვის განკუთვნილი კრემი უნდა გამოიყენოთ. ეს კრემები თუთიის ოქსიდს შეიცავს და სწრაფად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. 

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ მიერ მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო ან მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

 

თემები