“ავერსის” ტრადიციული ჯომარდობა არაგვზე

2017.06.30

“ავერსის” ტრადიციული ჯომარდობა არაგვზე

18 ივნისს არაგვი ავერსელმა ჯომარდებმა დაიპყრეს. კომპანია პოპულარიზაციას უწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და უკვე მეშვიდე წელია, ყოველ ზაფხულს მართავს შეჯიბრებას ამ აზარტულ სპორტში.

შეჯიბრებაში ას ორმოცდახუთმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სოფელ მაღაროსკარიდან ორ ნაკადად დაეშვნენ და გასაბერი ნავებით თოთხმეტკილომეტრიანი მონაკვეთი გაცურეს. გამარჯვება წილად ხვდათ გუნდებს, რომლებმაც ყველაზე სწრაფად დაფარეს ბოლო ორი კილომეტრი.

წელს განსაკუთრებით “ავერსის კლინიკამ” გამოიჩინა თავი: მისმა ორმა გუნდმა პირველი და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავა, მეორეადგილოსნისთვის განკუთვნილი პრიზები კი „ავერსი-რაციონალის“ ერთ-ერთ გუნდს ერგო.

"ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ  "ავერსს" უამრავი კარგი ტრადიცია აქვს, ჯომარდობა კი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის:

- ერთი კომპანიის კვალობაზე, შეჯიბრება ძალიან მასშტაბურია. ამჯერად, მაგალითად, ორასზე მეტი ადამიანი შევიკრიბეთ. ორგანიზატორებს ვთხოვეთ, ჯომარდობა ივლისის ნაცვლად  ივნისში გაემართათ, რადგან ამ დროს არაგვი გაცილებით წყალუხვია და დაშვებაც უფრო საინტერესოა, უფრო ექსტრემალური. ჩემმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და შინ ორმაგად გახარებული დავბრუნდი. ყველას მოვუწოდებ, ესტუმროს არაგვის ხეობას და ამ დიდ სიამოვნებას ერთხელ მაინც გაუგოს გემო.

– ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯომარდობაში ზედიზედ იმარჯვებდა "ავერსი-რაციონალის" გუნდი, - აღნიშნა მალხაზ კურტანიძემ, "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა, - ამჯერად პირველი ადგილი დავთმეთ, თუმცა არც მეორეს ვემდურით. როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაუვიწყარი იყო.

- მთავარია არა გამარჯვება, არამედ ურთიერთობა, ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობა, დამეგობრება, - დასძინა ლაშა ბაზაძემ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, - მომსახურებაც წლიდან წლამდე უმჯობესდება. დიდი მადლობა ყველას - ღონისძიების ორგანიზატორებსაც და ჩვენს მასპინძლებსაც.

- ქირურგიის ეროვნული ცენტრი მეოთხე წლია ჯომარდობაში მონაწილეობს, - გვითხრა თეა გამეზარდაშვილმა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, - ჩვენი თანამშრომლები მოუთმენლად ელიან ამ დღეს. ახლაც დიდი შემადგენლობით მოვედით. ძალიან ვისიამოვნეთ. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ამ დროს არაგვი უფრო წყალუხვია, ყველანი მშვიდობიანად დავეშვით. ექსტრემიც იყო და სიამოვნებაც, ბრძოლის ჟინიც და ურთიერთობის სიხარულიც. "ავერსში" მართლაც ბევრს ვშრომობთ და დროდადრო ასეთი განტვირთვა ძალიან გვჭირდება.

ნაპირზე კი ავერსელებმა "მხიარული სტარტები" გამართეს.

დღე პიკნიკით და ელექტრონული მუსიკის ენერგიული სეტით დასრულდა. ავერსელები არაგვის ხეობას მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობნენ.

თემები