Georgianenglishrussian

"ავერსის კლინიკაში" ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა

2015.04.08

"ავერსის კლინიკაში" ცოცხალი დონორიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა

ღვიძლის პირველი წარმატებული გადანერგვა ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტში 1989 წელს განხორციელდა. ქირურგიული მკურნალობის ამ ურთულესი მეთოდის დასანერგად უკვე საქართველოშიც გადაიდგა პირველი ნაბიჯები, კერძოდ - 20 მარტს “ავერსის კლინიკის” ქირურგებმა კორეელ სპეციალისტთა გუნდის დახმარებით წარმატებით განახორციელეს ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია.
გავიდა 16 დღე და როგორც რეციპიენტი, ისე დონორი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შედეგები 7 აპრილს "ავერსის კლინიკის" წარმომადგენლებმა მედია საშუალებებს გააცნეს.
"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ეს ურთულესი ოპერაცია გახლდათ:
როგორც ცნობილია, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი და სპეციალისტების მომზადებული გუნდი. ჩვენი ექიმები მივავლინეთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხანგრძლივ, რამდენიმე თვიან სტაჟირებაზე. ამასობაში კი ავერსის კლინიკა ყველა საჭირო აპარატურით აღიჭურვა, მომზადდა ინფრასტრუქტურული ბაზისი, დამუშავდა კორეელი კოლეგების მიერ მოწოდებული გაიდლაინები და პროტოკოლები. ყოველივე ზემოაღნიშნული გახდა წარმატების მიზეზი.
ჩვენი აზრით, ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წარმატებული გადანერგვა საქართველოში სათანადო გამოხმაურებას პოვებს, ვინაიდან ამ სახის ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომლებსაც ადრე საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენს კლინიკაში ამ ოპერაციების ჩატარება არა მხოლოდ მათ ფინანსებს, არამედ დროსა და ენერგიას დაზოგავს.
ავერსის კლინიკის ყველა თანამშრომელი ყოველთვის ცდილობს, რომ კლინიკაში მუდმივად დაინერგოს და განვითარდეს ახალი ტექნოლოგიები და ნოვატორული მეთოდები. აღნიშნულის დასტურია რამდენიმე თვის წინ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული მედიცინის ცენტრის გახსნაც. ასე რომ, ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის თანამედროვე სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამასთან ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ "ავერსის კლინიკის" დონე, ავტორიტეტი და მომსახურება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იყოს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პაციენტებს, ვინაიდან მათ ნდობა გამოგვიცხადეს. იმედი მაქვს, რომ "ავერსის კლინიკას" კიდევ ბევრი მადლიერი პაციენტი ეყოლება.
“ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძეს თქმით, კლინიკაში მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. ამასთან რთული ოპერაციის ჩასატარებლად შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.
პრესკონფერენციას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი გია თომაძე ესწრებოდა. მან მიულოცა სამედიცინო კოლექტივს უდიდესი წარმატება და აღნიშნა, რომ ასოციაციის საინფორმაციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში 220 ორგანოგადანერგილი ადამიანია აღრიცხული. მათგან უმეტესობას - თირკმლის, ერთს - გულის და 46 პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმრავლესობა ოპერაციის ჩასატარებლად საზღვარგარეთ იმყოფებოდა:
- ერთ-ერთი პირველი წარმატებული ნაბიჯი ღვიძლის ტრანსპლანტაციის მეთოდის განვითარებასა და დანერგვის საკითხში "ავერსს" ეკუთვნის და ეს მისალოცია. ამასთან, მინდა გავიხსენო, რომ როცა რეციპიენტი ეთიკური კომისიის სხდომაზე გახლდათ, ვუთხარი: საიმედო ხელში ხართ და ყველაფერი კარგად იქნება-თქო. მართლაც, "ავერსმა" ეს ნდობა დიდი ხანია მოიპოვა და კვლავ წარმატებით განახორციელა დასახული მიზანი.
ვესაუბრეთ 55 წლის რეციპიენტს გოჩა გობეჯიშვილს. მას დონორობა შვილმა, - 18 წლის მარიამმა გაუწია. როგორც ბატონმა გოჩამ გვითხრა, ოპერაციის მეორე დღეს თავს უკვე გაცილებით უკეთესად გრძნობდა:
– დოაგნოზი 10-11 წლის წინ დამისვეს. სხვადასხვა მეთოდით ვმკურნალობდი. როცა ღვიძლის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამო გახდა, დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძიება, ფიქრი იმაზე, თუ სად შეიძლებოდა ტრანსპლანტაციის ჩატარება _ თურქეთსა თუ ევროპაში... ამასობაში, მსგავსი შესაძლებლობა საქართველოშიც გამოჩნდა. ოპერაციის გაკეთება რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ. უფრო სწორად, გადაწყვეტილება ჩემმა შვილმა მიიღო. თავდაპირველად უარი ვთქვი, ბავშვის ჯანმრთელობის გამო ვღელავდი, მაგრამ კლინიკა, რომელსაც ჩვენი სიცოცხლე ვანდეთ, ამ ნდობას ნამდვილად იმსახურებდა. "ავერსის კლინიკას" უნიკალური პერსონალი ჰყავს, არ მეგონა, თუ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ.
საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დასანერგად პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. "ავერსი" ამ სიახლის წარმატებული ინიციატორია. დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ ეს წამოწყება მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას პაციენტებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის.


გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

თემები