Georgianenglishrussian

“ავერსის კლინიკაში” ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

2015.03.25

“ავერსის კლინიკაში” ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

ვირუსული ჰეპატიტი გლობალური პრობლემაა, რომელიც საქართველოშიც ძალზე მწვავედ დგას. ამ დაავადების სიცოცხლისთვის საშიში ფორმები ციროზი და ფიბროზია, რადიკალური მკურნალობის ეფექტური საშუალება კი ღვიძლის ტრანსპლანტაცია გახლავთ. განვითარებულ ქვეყნებში გადანერგვა სრულდება როგორც გვამური, ასევე ცოცხალი დონორისგან აღებული მასალით. ეს პრაქტიკა სულ რაღაც 15-წლიან გამოცდილებას ითვლის. ამ ნოვაციის დანერგვა “ავერსის კლინიკამაც” გადაწყვიტა, რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ექიმების მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილი სპეციალისტების მხრივ მონიტორინგი სჭირდებოდა. კლინიკა ამ ნაბიჯისთვის წელიწადზე მეტხანს ემზადებოდა.

20 მარტს “ავერსის კლინიკის” ქირურგებმა კორეელ სპეციალისტთა გუნდის დახმარებით წარმატებით განახორციელეს ცოცხალი დონორის ღვიძლის გადანერგვის პირველი უნიკალური ოპერაცია. ოპერაციას ამ დარგის მსოფლიო დონის ექსპერტმა, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კვანგ ვუნგ ლიმ უხელმძღვანელა.

– ჩვენს კლინიკაში მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. ერთგვარი სატესტო ოპერაცია ჩავატარეთ და იმედი მაქვს, ეს მეთოდი საქართველოში სათანადო განვითარებას პოვებს, რადგან მასზე მოთხოვნა დიდია, – აღნიშნა “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ. მისი თქმით, აქამდე პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, რაც უზარმაზარ თანხებთან იყო დაკავშირებული:

– უნდა ითქვას, რომ ამ დონის ოპერაციის ჩატარება მხოლოდ უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკაშია შესაძლებელი, რადგან მას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი და სპეციალისტების მომზადებული გუნდი სჭირდება. ამ ოპერაციისთვის დიდი ხანია ვემზადებოდით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ექიმები მივავლინეთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მათ ტრანსპლანტაციის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტებში გაიარეს სტაჟირება. შეირჩა რეციპიენტი, დონორი, შემდეგ ჩვენს კლინიკას პროფესორი ლი ეწვია, დაათვალიერა და განსაზღვრული რეკომენდაციებიც მოგვცა, რომელთა შესრულების შემდეგ ოპერაციის დაგეგმვას შევუდექით.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა კურტანიძეს. კლინიკაში ამ ურთულესი ოპერაციისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დასანერგავად სოლიდური ინვესტიციის განხორციელება გახდა საჭირო და ბატონი პაატას უდიდესი მატერიალური და მორალური მხარდაჭერა რომ არა, ეს ოპერაცია ალბათ ვერ ჩატარდებოდა. თუმცა “ავერსის” დამფუძნებლის განწყობა ყველასთვის ცნობილია – ბატონი პაატა მზად არის, ყველა პერსპექტიულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი, თუ ის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას წაადგება.

“ავერსის კლინიკის” კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა, რომელიც სპეციალისტების გუნდის მომზადებასა და წინასაოპერაციო სამზადისს ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ჩატარებული ოპერაცია არა მხოლოდ კონკრეტული ექიმების ან “ავერსის კლინიკის”, არამედ მთელი ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა:

– ტექნიკური თვალსაზრისით ეს ურთულესი ოპერაციაა, რომელსაც ასევე რთული ანესთეზიოლოგიური, ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მხარდაჭერა სჭირდება. არანაკლებ რთულია პაციენტის პოსტოპერაციული მართვაც. ასეთი ქირურგიული ჩარევის განხორციელება ყველა კლინიკას არ შეუძლია, არათუ ჩვენში – განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ამისთვის არსებობს რეფერალური ცენტრები, ჰეპატოლოგიის დეპარტამენტები. ჩვენ კი დავისახეთ მიზანი და ბევრისთვის მიუწვდომელი იდეა რეალობად ვაქციეთ.

კლინიკა ერთ გუნდად მოქმედებდა, არ დარჩენილა რგოლი, რომელსაც ეს რთული დავალება არ შეხებია. პროექტის ხორცშესხმაში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი.

ბატონმა გიორგიმ გვითხრა, რომ წლების მხოლოდ გვამური მასალის გადანერგვა ხდებოდა, რასაც თან ახლდა განსაზღვრული პრობლემები – საჭირო იყო დონორთა მასშტაბური ბანკის შექმნა, კრიტიკულ სიტუაციაში შესაბამისი მასალის მოძიება, ამასთან, უნდა მომხდარიყო რეციპიენტისა და დონორის თანხვედრა და ყველა პროცესი ურგენტულ ვითარებაში ჩატარებულიყო. ცოცხალი დონორისგან მასალის მიღება მდგომარეობას საგრძნობლად ამარტივებს, ვინაიდან ასეთი ღვიძლი გაცილებით სიცოცხლისუნარიანია, აღარც ქირურგებს უწევთ სტრესულ რეჟიმში მუშაობა, ოპერაცია იგეგმება და ყველა დეტალი გათვლილია, რაც ოპერაციის ეფექტიანობას ზრდის.

ოპერაციის შემდეგ პროფესორ კვანგ ვუნგ ლისაც ვესაუბრეთ:

– “ავერსის კლინიკას” რამდენიმე კვირის წინ ვესტუმრე და, გამოგიტყდებით, გაოცებული დავრჩი – კლინიკა არც ისე დიდია, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. დავათვალიერე მისი ყველა დეპარტამენტი: საოპერაციო, ლაბორატორია, რადიოლოგიური სამსახური; შევამოწმე ექიმების ცოდნა და კვალიფიკაცია, განსაზღვრული რეკომენდაციები მივეცი ხელმძღვანელობას და როდესაც დავრწმუნდი, რომ ამ ურთულესი ოპერაციისთვის შესაბამისი ბაზა არსებობდა, მისი დაგეგმვა დავიწყეთ. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დამოუკიდებელი ოპერაციებისთვის მზადება დაწყებულია და, ვიმედოვნებ, ეს მეთოდი საქართველოში წარმატებით დაინერგება.

“ავერსის კლინიკის” ქირურგი, მედიცინის დოქტორი კობა შანავა, ერთი მათგანია, ვინც სტაჟირება სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორ ლის ხელმძღვანელობით გაიარა. მისი თქმით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. შედეგი დამაკმაყოფილებელია, პოსტოპერაციული პერიოდიც წარმატებით მიმდინარეობს – დონორიც და რეციპიენტიც თავს კარგად გრძნობენ.

– 18 წლის გოგონამ მამას დონორობა გაუწია. მისი ღვიძლის მოცულობის 60% რეციპიენტს გადავუნერგეთ. ოპერაცია 6 საათამდე გაგრძელდა. ეს იყო “ავერსის კლინიკაში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დანერგვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, ცოცხალი დონორის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა ჩვენს კლინიკაში წარმატებით გაგრძელდება.

ვესაუბრეთ 55 წლის რეციპიენტსაც. როგორც თავად გვითხრა, ოპერაციის მეორე დღეს თავს უკვე გაცილებით უკეთესად გრძნობდა:

– ოპერაციის გაკეთება რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ. უფრო სწორად, გადაწყვეტილება ჩემმა შვილმა მიიღო. თავდაპირველად უარი ვთქვი, ბავშვის ჯანმრთელობა მაღელვებდა, მაგრამ კლინიკა, რომელსაც ჩვენი სიცოცხლე ვანდეთ, ნამდვილად იმსახურებდა ამ ნდობას.

 

“ავერსის კლინიკაში” მედიცინის სიახლეების დანერგვას უდიდესი ყურადღება ექცევა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთი იმ ნოვაციათაგანია, რომლებიც “ავერსის კლინიკაში” წარმატებით დაინერგა.

“ავერსის კლინიკა” ჯანმრთელობას გისურვებთ.

თემები