ბატონები რომ არ გესტუმრონ...

ბავშვთა ინფექციებში, ჩვეულებრივ, იმ დაავადებებს გულისხმობენ, რომლებიც ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხდება, თუმცა ნუ იფიქრებთ, მოზრდილი დაზღვეულია მათგან. თუ ინფექცია ადრე არასოდეს გადაუტანია, დავადებულ პატარებს ოჯახის მოზრდილი წევრებიც უერთდებიან ხოლმე.

ამ ჯგუფის ინფექციათა დიდი ნაწილი ვირუსულია, გადაცემის გზა–ჰაერ-წვეთოვანი, ზოგჯერ კონტქტურიც. დაავადებათა ინკუბაციური პერიოდი ანუ დრო ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან დაავადების გამოვლინებამდე საშუალოდ 9-10 დღიდან 21 დღემდე გრძელდება. ყველა ამ დაავადებისათვის დამახასიათებლი და მთავარი სადიაგნოსტიკო ნიშანი გამონაყარია. ვინაიდან ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია.

წითელა მიეკუთვნება საკმაოდ მძიმე ინფექციათა რიგს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილობის 5 უხშირეს მიზეზთაგან წითელა ერთ-ერთია. ინფექციის გამომწვევი ვირუსია, გადაცემის გზა – ჰაერ-წვეთოვანი, ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღეა. დაავადება იწყება ჩივილებით ზემო სასუნთქი გზების მხრივ – ცხვირიდან გამონადენით, მშრალი ხველით, ცემინებით, რასაც თან ახლავს მაღალი ცხელება. დაავადების ეს პერიოდი 3-4 დღეს გრძელდება. შემდეგ ვითარდება ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი, რაც ყურების უკანა ზედაპირიდან იწყება და ვრცელდება სახის, სხეულის, კიდურების მიმართულებით. გამონაყარს თან ახლავს კონიუქტივიტის მოვლენები – თვალების სიწითლე, ცრემლდენა. მე-3 დღიდან გამონაყარი იწყებს უკუგანვითარებას იმავე თანმიმდევრობით, როგორც გაჩნდა. წითელას გართულებებია – პნევმონია (ფილტვის ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ენცეფალიტი, მენინგიტი), თვალის დაზიანება. წითელა იმუნიზაციით მართვადი ინფექციაა. მისი საწინააღმდეგო აცრა 1 და 5 წლის ასაკში ტარდება.

დაავადების არასპეციფიური ნიშნების გამოჩენისას (სურდო, ხველა, ცხელება) გამონაყრის განვითარებამდე დაავადების წინასწარმეტყველება შეიძლება, თუ პატარას ლოყების ლორწოვან გარსზე თეთრი ფერის წვრილი გამონაყარი შენიშნეთ – ამას კოპლიკის ლაქები ჰქვია და წითელას დამახასიათებელი ადრეული კლინიკური ნიშანია.

დაავადების გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი.

წითურა – იწყება მსუბუქი გამოვლინებებით ზემო სასუნთქი გზების მრხივ – ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ასევე თვალების სიწითლით, ტემპერატურის მომატებით, რასაც მოჰყვება ლაქოვანი და პაპულური გამონაყარი, კეფის ლიმფური კვანძების გადიდება. გამონაყარი იწყება სახის არედან და ვრცელდება სხეულის და კიდურების მიმართულებით. გამონაყარი 2-3 დღეში გაივლის. ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნები მინიმალურადაა გამოხატული, რის გამოც წითელა ხალხში ოდითგან ყველაზე მსუბუქ ინფექციადაა ცნობილი. თუმცა წითურა არც ისეთი უწყინარი დაავადებაა. იმ შემთხვევაში, თუ ის ორსულ ქალს დაემართა, ნაყოფი თანდაყოლილი სიმახინჯეებით იბადება. ამიტომ დაავადების დროულ პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს. წითურას პრევენცია გეგმური ვაქცინაციით არის შესაძლებელია. აცრა 1 და 5 წლის ასაკში ტარდება წითელასა და ყბაყურას აცრასთან ერთად.

ყბაყურა – ვირუსული ინფექციაა მისი გამომწვევია ვირუსი პარამიქსოვირუსების ჯგუფიდან. ის აზიანებს ჯირკვლოვან ორგანოებს, უხშირესად სანერწყვე ჯირკვლებს, უფრო იშვიადად ზიანდება სათესლე ჯირკვლები, თავის ტვინი, პანკრეასი. Gგადაცემის გზა - ჰაერ-წვეთოვანია. დაავადება იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, ყბაყურა ჯირკვლის გადიდებით, რასაც მოჰყვება ენისქვეშა და ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების გადიდებაც. თან ახლავს მტკივნეულობა, რაც მეტად გამოიხატება ღეჭვისას. 3-4 დღეში სანერწყვე ჯირკვლები პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება და ბავშვი გამოჯანმრთელდება. ძოგჯერ ყბაყურა ორქიტით სათესლე ჯირკვლების ანთებით რთულდება, რამაც შესაძლოა შესაძლოა მამაკაცის უშვილობა გამოიწვიოს, ტვინის დაზიანება მენინგიტის სახით ვლინდება, ხოლო პანკრეასის დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა დიაბეტის განვითარება.

დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.

ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი -თამარ ობგაიძე

 

ზემოთ