გესტაციური შაქრიანი დიაბეტი

რას ნიშნავს გესტაციური შაქრიანი დიაბეტი?

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი  ეს არის დიაბეტი,რომელიც უვითარდებათ ქალებს ორსულობის დროს. მშობიარობის შემდეგ ეს დაავადება  ძირითადად გაივლის.

რამდენად ხშირია ორსულებში ეს დაავადება?

დაავადება უვითარდებათ ორსულთა დაახლოებით 0,2-0,3%_ს.  

ვინ შედის რისკ ჯგუფში?

 ორსულები დიდი  წონით, ვინც გენეტიკაში აღნიშნავს შაქრიან დიაბეტს,  ვისაც  წინა ორსულობის დროს გამოუვლინდათ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, წინა მშობიარობისას ნაყოფის წონა იყო 4 კილო ან მეტი.

რა გავლენას ახდენს ეს დაავადება ნაყოფზე?

გლუკოზა ადვილად აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფის სისხლში დედის სისხლიდან. ორსულობის პირველ 9-12 კვირაზე ნაყოფის კუჭქვეშა ჯირკვალი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად ჯერ ვერ გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ პერიოდში დედის ჰიპერგლიკემია (მაღალი შაქარი) იწვევს ნაყოფში  სხვადასხვა ორგანოების მანკების ჩამოყალიბებას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება თავი იჩინოს სპონტანურმა აბორტმა, ხოლო თუ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი გამოვლინდა  ორსულობის მეორე, მესამე ტრიმესტრში,როდესაც ნაყოფის ორგანოები უკვე ჩამოყალიბებულია, ვითარდება ნაყოფის მაკროსომია (ნაყოფის ჭარბი წონა), რაც თავის მხრივ იწვევს გართულებებს, მაგალითად - ნაადრევ მშობიარობას და მშობიარობის დროს ტრამვებს.

რა გამოკვლევა ტარდება გესტაციური შაქრიანი დიაბეტის დასადგენად ?

ორსულს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა - ორალური გლუკოზო-ტოლერანტული ტესტით: ორსულს ასმევენ 200-250 მლ წყალში გახსნილ 50 გრ გლუკოზას,  1 საათში იღებენ სისხლს ვენიდან. მიღებულ შედეგში გლიკემიის დონე თუ აღემატება 7,8მმოლ/ლ, მაშინ საჭირო ხდება დამადასტურებელი, 3 საათიანი გლუკოზო - ტოლერანტობის ტესტის ჩატარება 100 გრამიანი გლუკოზით.

როგორ უნდა წარიმართოს დაავადების მკურნალობა?

უპირველეს ყოვლისა ინიშნება დიეტოთერაპია, დღიური კალორაჟის შემცირებით  დაახლოებით 25 კკალ_მდე. თუ დიეტოთერაპიის ფონზე ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი, პაციენტს აუცილებლად უნდა დაენიშნოს ინტენსიური ინსულინოთერაპია.

რა რეკომენდაციას მისცემდით მშობიარობის შემდეგ  ქალებს ვისაც ორსულობის დროს გამოუვლინდათ აღნიშნული დაავადება?

მშობიარობიდან 5-12 თვეში ჩაიტარონ გამოკვლევა შაქარზე, თუ მაჩვენებელი იქნება ნორმის ფარგლებში  (<5,5 მმოლ/ლ), მაშინ მომდევნო 3 წლის მანძილზე უნდა იკონტროლონ გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე სისხლში. კვების რაციონში უნდა შეამცირონ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, არ უნდა დაივიწყონ ასევე ფიზიკური აქტივობა.

 ექიმი ენდოკრინოლოგი - ვიქტორია ჯაფარიძე

ზემოთ